სპორტული გაზეთი "ლელო" 80 წლის გახდება, გაზეთი იუბილეს 26 აპრილს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დღეს "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა , თენგიზ გაჩეჩილაძემ პრესკონფერენცია გამართა.
გაჩეჩილაძის თქმით საიბუილეო ღონისზიებაზე დაჯილდოვდებიან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი და მამაკაცი. გამარჯვებულებს გამოკითხვა გამოავლენს, რომელიც ვებგვერდ www.sportall.ge-ზე მიმდინარეობს. გამოკითხვა 31 მარტს დაიწყო და 20 აპრილს შეწყდება.
"ლელო" იყო, არის და დარჩება ყველა თაობის საყვარელ გაზეთად, რამდენადაც სპორტი აერთიანებს ყველა თაობას. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ "ლელომ" დაიმსახურა ესოდენ დიდი სიყვარული, გახდა სახალხო გაზეთი, გამოიარა დიდი გაჭირვებაც. დღეს ფეხზე დგას, რაც არის "მედია პალიტრის" დიდი დამსახურება, რისთვისაც ეს გამომცემლობა მადლობას იმსახურებს მკითხველებისა და სპორტის მოყვარულებისგან. "ლელო" არის ერთადერთი სპორტული გაზეთი, რომელსაც არც სახელი შეუცვლია, არც ლოგო, არც პრინციპები და არც კონცეფცია - რასაც ემსახურებოდა 80 წლის წინათ, იმას ემსახურება დღემდე",-განაცხადა "ლელოს " მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ.
სპორტული გაზეთი "ლელო" 1934 წელს გამოვიდა და ერთ-ერთი უძველესი სპორტული გაზეთია ევროპის მასშტაბით.