საპარლამენტო კომიტეტებში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
"კანონპროექტის თანახმად, ახლად არჩეული სამეურვეო საბჭოს ამოქმედებას სამეურვეო საბჭოს წინა შემადგენლობის წევრების საჯარო სამსახურიდან განთავისუფლება აღარ მოყვება. აღნიშნული პირები საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში დარჩებიან, როგორც ამ სისტემაში შექმნილი დროებითი ორგანოს - მონიტორინგის საბჭოს წევრები და სარეკომენდაციო ფუნქციებს განახორციელებენ. მონიტორინგის საბჭოს საზედამხედველო-სამონიტორინგო ფუნქციაც ემატება და ამ ფუნქციის განხორციელების კონკრეტული მექანიზმები დადგინდება. პროექტი ითვალისწინებს დღემდე მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის იმგვარი ფუნქციების მიცემას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიცავს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის საქმიანობაზე ეფექტურ შიდა მონიტორინგს და საზოგადოების დროულ ინფორმირებას ფინანსურ, საკადრო და სხვა პრობლემებზე", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა. საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.
ამასთან, პარლამენტში ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გრძელდება. პარლამენტს ამ დროისთვის არჩეული ჰყავს სამეურვეო საბჭოს შვიდი წევრი. ვაკანტურად რჩება ორი ადგილი, რადგან უმრავლესობამ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები "ჩააგდო".