ლევან მიქელაძის ოჯახი მიიჩნევს, რომ მისი გარდაცვალება ხელოვნურად იყო გამოწვეული

ყოფილი დიპლომატის, ლევან მიქელაძის ოჯახი მიიჩნევს, რომ მისი გარდაცვალება ხელოვნურად იყო გამოწვეული, - ამის შესახებინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.

აღნიშნული ეჭვის საფუძველს ლევან მიქელაძის ძმას ალტერნატიულ ექსპერტიზაზე უარის თქმა აძლევს. მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მიქელაძის სახლში მის გარდაცვალებამდე უცხო პირი იყო შესული.

როგორც მამუკა მიქელაძე აცხადებს, ოჯახს სურდა, რომ ლევან მიქელაძის ცხედრიდან აღებული საექსპერტო ნიმუშებისთვის ალტერნატიული ექსპერტიზა აშშ-ში ჩაეტარებინა, თუმცა, ექსპერტიზის ბიუროდან მიქელაძის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ მასალა ვერ მიიღო. მისივე თქმით, საეჭვო გარემოებაა გამოძიების არაკვალიფიციურად წარმართვაც.

"გამოძიებას ერთხელაც არ გაუჩნდა კითხვა, როგორ იყო ეს კაცი, კარგად იყო თუ ცუდად. ასეთი იგნორირება წარმოუდგენელია", - განაცხადა "მაესტროსთან" საუბარში მამუკა მიქელაძემ.

მიქელაძის ადვოკატი შალვა შავგულიძე საეჭვო გარემოებად მიიჩნევს სწორედ იმას, რომ მიქელაძე მის სახლში სხვა პირის შესვლის შემდეგ გარდაიცვალა. "ლევანი წავიდა შვეიცარიაში ცოლ-შვილის ჩამოსაყვანად. იმ დროს მოხდა მის ბინაზე ყაჩაღური თავდასხმა, ეს იყო უფრო თავდასხმის იმიტაცია. ორი სუბიექტი მონაწილეობდა ამ ქმედებაში. ერთ-ერთი პირი, საქმის მასალებიდან როგორც დასტურდება, აჩერებს ტაქსს აღმაშენებლის გამზირზე. შემდეგ აჩერებს ტაქსს მიქელაძის ეზოში, მისი სადარბაზოს წინ და შედის სადარბაზოში, სადაც 15 წუთი გაჩერდა. გამოდის სადარბაზოდან, ჯდება ამ მანქანაში და მიდის ვერაზე, საიდანაც წავიდა ხილიანის ქუჩაზე და უკვე მეორე პირთან ერთად გამოვიდა შენობიდან. ეს ორნი წავიდნენ ისევ მიქელაძის ეზოში. შემდეგ მეორე პირი გამოვიდა სადარბაზოდან, ხოლო პირველმა პირმა განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა და შევიდა ლევანის ბინაში. ამ პირის ჩვენებით, ის შევიდა სადარბაზოში რათა დაერეკა სხვადასხვა კარებზე ზარი და სადაც გაუღებდნენ კარს, თავდასხმა იქ განეხორციელებინა. მაგრამ ამ ვერსიას ეწინააღმდეგება რასაც მოწმეები ჰყვებიან და დასტურდება, რადგან უკვე წინასწარ იყო მისული ეს პირი სწორედ იმ სადარბაზოში და მას სხვა კარზეც არ დაურეკავს ზარი", - განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, გამოძიებამ როდესაც ბრალის დადგენილება დაწერა, იქ საერთოდ ამოღებული იყო ამ ფაბულის ის წინა ნაწილი, რომ ეს პირი იმ დღეს ორჯერ იყო მისული მიქელაძის სახლის სადარბაზოში.

"ეს უკვე აჩენს კითხვას და როდესაც სასამართლო პროცესზე კითხვა დავუსვი გამომძიებელს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი რატომ არ იყო გათვალისწინებული, ლოგიკური პასუხი ვერ მივიღე. გამოძიება ჩატარდა არასრულად. გამოძიებაში არ იყო გათვალისწინებული ყველა ის ეპიზოდი და ფაქტი, რომელიც მოხდა. რამდენიმე დღის შემდეგ მიქელაძე დაბრუნდა სახლში და მეორე დღეს ოფიციალური ვერსიით გულის შეტევით გარდაიცვალა", - აღნიშნა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არ შეუძლია იმის თქმა თუ რისგან გარდაიცალა. შავგულიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველების მონდომების შემთხვევაში ამ საქმის გამოძიების შესაძლებლობა მაღალია.

"მე ვიცავდი ბადრი პატარკაციშვილის ინტერესებსაც და ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა. ადამიანები, რომლებსაც გული არ აწუხებდათ და საშიში ხდებოდნენ პოლიტიკურად, არსებული ხელისუფლებისთვის, ერთმანეთის მიყოლებით გულის შეტევით გარდაიცვალნენ, რაც ეჭვებს აჩენს. თუ სამართალდამცველები მოინდომებენ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს", - განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, მიქელაძის პოლიტიკურად გააქტიურება არ შედიოდა ყოფილი ხელისუფლების გეგმებში. "მართლაც, ვიცით ის პერიოდი. იყო საპროტესტო მუხტი, გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალასანიას გუნდს ეძახდნენ. ამ ძალის სულისჩამდგმელი იყო ლევან მიქელაძე. მასთან იყვნენ ისინი, ვინც დიპლომატიური საქმიანობიდან წამოვიდნენ. ისინი იყვნენ ირაკლი ასალანია, ალექსი პეტრიაშვილი და სხვები. მეც მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ამ პოლიტიკურ პარტიაში. ეს გუნდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. მას ჰქონდა ძალიან დიდი პიროვნული და საერთაშორისო ავტორიტეტი და შეეძლო გაეერთიანებინა ოპოზიციური ძალები. ეს ყველაფერი ლევან მიქელაძეს მაშინდელი ხელისუფლებისთვის საშიშ პიროვნებად ქმნიდა", - განაცხადა შავგულიძემ.

ლევან მიქელაძე 2009 წლის 26 აპრილს ოფიციალური ვერსიით გულის შეტევით გარდაიცვალა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ