თსუ-ს ბიბლიოთეკაში იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უიშვიათესი გამოცემები, მათ შორისაა ინკუნაბულა, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი წიგნი დასტამბული 1484 წელს გერმანიის ქალაქ ლუბეკში; 1526 წელს ამსტერდამში დაბეჭდილი წიგნი, ცნობილი ჰოლანდიელი ჰუმანისტის ერაზმ როტერდამელის საუბრები; პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - 1629 წელს რომში დასტამბული "ქართული ანბანი ლოცვებითურთ"; საქართველოში დაბეჭდილი პირველი წიგნი - 1709 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დასტამბული სახარება; 1712 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსანი"; პირველი ქართული ჟურნალი - 1852 წელს გამოცემული "ცისკარი"; მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისის, ქუთაისისა და საჩხერის სტამბებში დაბეჭდილი საერო და საეკლესიო ხასიათის წიგნები; ხელნაწერი მინიატურული წიგნი "დაუჯდომელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა," 1739 წელს მოსკოვში, ბაქარ ბატონიშვილის სტამბაში გამოცემული სახარება და სხვა.

ბიბლიოთეკის დირექტორის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, თსუ ბიბლიოთეკა, როგორც წიგნადი ფონდის რაოდენობით, ასევე შინაარსობრივი მრავალფეროვნებით ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესია კავკასიაში.

"გამოფენაზე წარმოდგენილია მხოლოდ უმცირესი ნაწილი იმ საუნჯისა, რომელიც საცავებშია განთავსებული. ამის გამო, ბიბლიოთეკაში შეიქმნა ახალი - იშვიათი გამოცემების განყოფილება (წიგნის მუზეუმი), რომლის მიზანია შეისწავლოს და პერიოდულად გამოფინოს ფონდებში დაცული უნიკალური გამოცემები", - აღნიშნა მან.

იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენით თსუ ბიბლიოთეკა შეუერთდა ,,საბიბლიოთეკო კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. გამოფენა ერთ თვეს გასტანს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა