ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის აზრით, გამორიცხულია ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ოთხმეზურმა განუცხადა, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით თამარ მეფე გელათშია დასაფლავებული. მისივე თქმით, ლეგენდები, რომელიც თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებით გავრცელდა, თითქოს თამარ მეფის საფლავი უცნობია, საუკუნეების შემდეგ შეიქმნა და სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ იგნუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს. თამარ მეფის საფლავი არის გელათში. ამას წერენ თამარის დროინდელი ისტორიკოსებიც და ლაშა-გიორგის დროინდელი ისტორიკოსიც, ანუ იმ პერიოდის სამივე ისტორიკოსი. იქ ერთ-ერთ ეკვდერს ჰქვია თამარის ეკვდერი. იქ რომ საფლავი არ არის აღმოჩენილი, ეს იმის შედეგია, რომ გელათი არაერთხელ გადაიწვა და გაიძარცვა. ეს ლეგენდები, რომლებიც არსებობს, რომ გამოიტანეს თამარის კუბო და წაიღეს სხვადასხვა მიმართულებებით და ამიტომ არ ვიცით სად არის, უკვე არის ძალიან გვიან შექმნილი, საუკუნეების შემდეგ და სინამდვილეს არ შეესაბამება. ისტორიული წყაროები რაც არსებობს, იმათზე დაყრდნობით, თამარ მეფე, ჩემი აზრით, გელათშია დაკრძალული", - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.
ინგუშეთში ავტოსაგზაო ბრიგადის მუშებმა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, უძველესი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაა დამალული ან თამარ მეფის სავარაუდო საფლავია. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ უმალატ გადიევმა განუცხადა.
"წინასწარი ინფორმაციით, რომელიც გაგვაჩნია, გზის მშენებლობისას, იქ, სადაც საერთაშროსიო ტურნირი "მთებში შერკინება" უნდა გამართულიყო, მეწყერი ჩამოწვა. გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული. მსგავსი გამოქვაბულები ინგუშეთში ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. ისინი IX-XI საუკუნეებით თარიღდება", – აღნიშნა გადიევმა.
მისი თქმით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ აღმოჩენილი გამოქვაბული თამარ მეფის საფლავი იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული, ასეთივე გამოქვაბულში იყოს დამალული ალანიის დედაქალაქის, მაგასას ძვირფასეულობა. გადიევის განცხადებით, ამის შესახებ დადასტურებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, სერიოზული მუშაობა კი ჯერ არ დაწყებულა.
ამასთან, ადგილი უკვე მოინახულა ინგუშეთის პირველმა პირმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რომელმაც გასცა განკარგულება ადგილის დაცვის შესახებ, რათა არ მოხდეს გამოქვაბულში უცხო პირების შეღწევა.