ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა 13 მედიასაშუალების წარმომადგენელმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის , ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, მედეა ვასაძის მიერ "ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული შანტაჟი და მუქარა გააპროტესტა.
"არა შანტაჟის ენას!", "დაიცავი ადამიანების უფლებები!", "გამოიძიეთ ჟურნალისტებზე შანტაჟის ფაქტები!", "დეპუტატის მანდატი = პასუხისმგებლობა!" "წაიკითხეთ კონსტიტუცია!" - ჟურნალისტების ამ გზავნილების ადრესატები საქართველოს პროკურატურა და აჭარის უმაღლესი საბჭო არიან. ჟურნალისტები პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ, ხოლო უმაღლეს საბჭოს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"ტელეარხი 25"-ის პროდუსერი ირმა ზოიძე გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან მედეა ვასაძის უფლებამოსილების შეწყვეტის დაყენებას ითხოვს:
"ეს ფაქტი არასამთავრობო სექტორმა შეაფასა, როგორც ზეწოლა და ადამიანის უფლებების დარღვევა. ახლა ჯერი არის იმ ადამიანებზე, რომლებმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ჩვენ ვითხოვთ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და უმაღლესმა საბჭომ გააკეთოს რეაქცია. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, მედეა ვასაძეს შეუწყდეს უფლებამოსილება. ვითხოვთ შეფასება გაკეთდეს პარტიული საბჭოს მხრიდანაც", - აღნიშნა ირმა ზოიძემ.
როგორც გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე აცხადებს, მიუღებელია, როცა რეგიონის ნომერ პირველი უფლებათა დამცველის მხრიდან უფლებების დარღვევაზეა საუბარი:
"ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლების რეაქცია იქნება ადეკვატური. ამ დრომდე მე მოვისმინე არაადეკვატური კომენტარები. მიუღებელია, როცა რეგიონის ნომერ პირველი უფლებათა დამცველის მხრიდან უფლებების დარღვევაზე გვიწევს საუბარი. ეს არის ძალიან დრამატული და სამწუხარო. იმედი მაქვს, ამ მრავალრიცხოვანი ჟურნალისტების ხმას გაიგონებენ ის ადამიანები, ვისაც აქვს ვალდებულება, გაიგონონ და ჰქონდეთ რეაქცია", - აღნიშნა ეთერ თურაძემ.
"რადიო თავისუფლების" რეგიონული კორესპონდენტი ნატა იმედაიშვილი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების ერთიანობით და თანმიმდევრული ქმედებებით სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია:
"ჟურნალისტის რეპუტაცია საფრთხის წინაშე არ დამდგარა, ეს ჩვენ დღევანდელი აქციითაც დავამტკიცეთ. საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საჯარო მოხელეების, ჩინოვნიკების რეპუტაცია და სწორედ ეს არის გამოსარკვევი. თუ ჟურნალისტები ვიქნებით ისეთივე ერთგული და თანმიმდევრული, როგორებიც ვიყავით ფოტოგრაფების საქმის დროს, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის სიტყვაზე, მით უმეტეს, როცა ის არის საჯარო მოხელე და რეგიონის უფლებადამცველი", - აღნიშნა ნატა იმედაიშვილმა.
ჟურანლისტების აქციას ევროპის მოედანზე აჭარაში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატს მედეა ვასაძეს და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის სკანდალური სატელეფონო საუბარი ჟურნალისტმა გუშინ გაასაჯაროვა.
როგორც ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე აცხადებს, დეპუტატის მხრიდან მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი მასთან მას შემდეგ განხორციელდა, რაც ეთერში მის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი ,,უმაღლესი კომფორტით" გავიდა.
"ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას, ,,მიკერძოებული ხარ" ,,ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს" "ხვალ დაიკითხები პროკურატურაში", - ეს ის ფრაზებია, რომლითაც დეპუტატმა მედეა ვასაძემ მიმართა.
საგამოძიებო ფილმი ,,უმაღლესი კომფორტით" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაწეულ ხარჯებსა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ეხებოდა.