სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", დღეს ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის - "გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში" - ფარგლებში გაიმართა.
კონფერენცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ასევე ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"პროექტის შედეგად ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტი მომზადდა, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. კანონპროექტი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თვალსაზრისითაც", _ განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, თვინინგის ზემოთ აღნიშნული პროექტი 2012 წლის ივლისში დაიწყო, რომელიც ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში (ENPI) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ევროპელ პარტნიორებთან - ავსტრიისა და ბულგარეთის გარემოს დაცვის სააგენტოებთან, თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის განმავლობაში, ორი წლის მუშაობის შედეგად, ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები მომზადდა.