რეჟისორი გოჩა კაპანაძე თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრიდან აცნობეს.
"ექვსთვიანი დაპირისპირება ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ძველი სამხატვრო ხელმძღვანელის გოჩა კაპანაძის გათავისუფლებით და რეჟისორ ზურაბ სიხარულიძის დანიშვნით დასრულდა. კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სარეკომენდაციო საბჭომ განიხილა წარმოდგენილი კანდიდატები და უპირატესობა მიანჭა შ. რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ლეგენდარული ქართველი რეჟისორის დოდო ალექსიძის ყოფილ სტუდენტს, დიპლომირებულ რეჟისორს, ასოცირებულ პროფესორს, თურქული ენის შესანიშნავ მცოდნესა და გამოცდილ რეჟისორს ზურაბ სიხარულიძეს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში 16 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა", _ აცხადებენ თეატრში.
მათივე ინფორმაციით, თეატრში ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რათა ორი კანდიდატიდან თანამშრომელთა ხმათა უმრავლესობით სამხატვრო ხელმძღვანელობის რეალური და სასურველი კანდიდატი გამოევლინათ. კენჭისყრაში მონაწილეობდა ადმინისტრაციული და შემოქმედებითი ნაწილი. შედეგები ასე განაწილდა, ხმების დიდი უმრავლესობა - 17 ხმა მიიღო რეჟისორმა ზურაბ სიხარულიძემ, 9 ხმა დააგროვა მსახიობმა ნამიკ გაჯიევმა, ხოლო ერთი ხმა ბათლად ჩაითვალა.
"გოჩა კაპანაძის ხელმძღვანელობის პირობებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეს მეჰრიბან ალიევას, ასევე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებს, თეატრიდან წლების განმავლობაში მიმართავდნენ წერილობით, სთხოვდნენ ავარიული შენობის გამაგრებასა და რეაბილიტაციას, თეატრის კოლექტივსაც იმედი ჰქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დახმარების, თუმცა მათი არცერთი თხოვნისთვის იქიდან პასუხიც კი არ გაუციათ", _ განმარტეს თეატრში.
მათივე განცხადებით, თეატრში 13 მსახიობია, მათგან 8 პროფესიონალი. თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს რეჟისორ ზურაბ სიხარულიძეს კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინისტროსგან დახმარებისა და ხელშეწყობის დიდი იმედი აქვს.