რეჟისორ გოჩა კაპანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა მან განცხადების საფუძველზეერთი თვის წინ დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გოჩა კაპანაძემ განუცხადა, აღნიშნულის ძირითადი მიზეზი როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხარის მხრიდან თეატრის მიმართ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა იყო.
რეჟისორის განმარტებით, 140 წლის თეატრის შენობას რეაბილიტაცია სჭირდება, რათა ტექნიკურად თანამედროვე პირობებს პასუხობდეს. ამასთან, თეატრის შენობაში დღემდე 19 ოჯახი ცხოვრობს.
გოჩა კაპანაძის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ამ ოჯახების შენობებიდან გამოყვანა უნდა მოეხდინა, აზერბაიჯანის მთავრობა კი შემდეგ შენობის რეაბილიტაციისთვის თანხებს გამოყოფდა, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, კაპანაძის თქმით, თეატრის განვითარებისთვის ხელშეწყობა არ იყო.
მისივე განმარტებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას ზურაბ სიხარულიძე ასრულებდა. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელიც დღეს დასრულდა.
აზერბაიჯანული თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეატრში ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რათა ორი კანდიდატიდან თანამშრომელთა ხმათა უმრავლესობით სამხატვრო ხელმძღვანელობის რეალური და სასურველი კანდიდატი გამოევლინათ. ხმების დიდი უმრავლესობა - 17 ხმა მიიღო რეჟისორმა ზურაბ სიხარულიძემ, 9 ხმა დააგროვა მსახიობმა ნამიკ გაჯიევმა, ხოლო ერთი ხმა ბათლად ჩაითვალა.
თავად რეჟისორი გოჩა კაპანაძე ამჟამად კულტურის სამინისტროში ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს.