სანაპიროზე მშვიდობის ხიდთან, კომპანია "Citysightseeing თბილისმა" მდინარე მტკვარზე საექსკურსიო კატერის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ესწრებოდა.
პრეზენტაციის დროს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ასევე კატერზე მყოფ პირებს საშუალება ჰქონდათ მტკვარზე, რამდენიმე წუთით გაესეირნათ, რომლის დროსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სიგუასა და კომპანია "Citysightseeing თბილისის" გენერალურ დირექტორ გერმანე ჭელიძეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
როგორც პრეზენტაციის დროს გიორგი სიგუამ განაცხადა, კომპანიის მიერ ამ პროექტის განხორციელებას ყველანაირად დაუჭერს მხარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რადგან ის ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმისა და ვიზიტორების რაოდენობის მატებას. იგი მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი სანახაობითი ტური მოეწყობა დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
კომპანია "Citysightseeing" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ორსართულიანი კაბრიოლეტი ავტობუსებით მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ექსკურსიებს აწყობს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გერმანე ჭელიძემ განაცხადა, თბილისი ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული ქალაქია და, შესაბამისად, მათი კომპანია დედაქალაქში საქმიანობის ახალ ეტაპს იწყებს. კატერით მტკვარზე გასეირნება დღეში სამჯერ მოეწყობა. თითოეული ტური საათნახევრიანი იქნება. დღის განმავლობაში ტური 25 ლარი, ხოლო საღამოს 35 ლარი ეღირება.