შსს-ს ყოფილ მინისტრს, კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ კახა თარგამაძეს უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი", _ აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეთქვა.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კახა თარგამაძე 1955 წლის 30 ნოემბერს საქართველოში დაიბადა.