პარლამენტის ვიცერ-სპიკერის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, მურმან დუმბაძის შეფასებით, არსებობს უამრავი სამართლებრივი არგუმენტი, რომლის გამოც აჭარის რეგიონული მთავრობა უნდა გადადგეს. აღნიშნული პოზიციის დასაბუთებას მურმან დუმბაძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე აპირებს.
როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, ის აქამდე ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ, მისივე თქმით, აჭარის უზენაესი საბჭოს ფრაქცია "ქართულ ოცნებას" აქვს სრული უფლება, აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენოს.
ფრაქციის წევრები კოალიციის პოლიტსაბჭოსთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ. მედეა ვასაძის თქმით, მათი არგუმენტები უტყუარი და მყარია. "ველოდებით რადიკალურად მკაცრ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ გამოვრიცხავ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას და მხარდაჭერას ამ პროცედურის გაგრძელების მხრივ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მედეა ვასაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ადგილობრივ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მთავარი პრეტენზია რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული. გარდა ამისა, ფრაქცია მთავრობის ხელმძღვანელს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებს.