ბაქოს ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ 70-მდე ოჯახს საგარანტიო წერილები გადაცათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა მინისტრის მოადგილე ოთა რეხვიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, ბაქოს ქუჩა N1-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
აღნიშნულ ობიექტში 70-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აქედან 39 ოჯახს, რომლებიც ნგრევის საშიშროების წინაშე მყოფ ობიექტში ცხოვრობდა, ბინები 2012 წლის დეკემბერში გადაეცათ. შენობას ჰქონდა გაზიფიცირების პრობლემა, რომელიც დევნილთა სამინისტროსა და ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომლობის შედეგად უკვე აღმოფხვრილია.
სამინისტროსა და ჩუღურეთის გამგეობას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ობიექტის გაზიფიცირების შესახებ, რომლის დამადასტურებელი საგარანტიო ბარათები დევნილ ოჯახებს დღეს გადაეცათ.
პროექტი უკვე მზადაა და კომპანია "ყასტრანსგაზი" მუშაობას 24 სექტემბრიდან დაიწყებს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შენობის გაზიფიცირება ერთი თვის ვადაში დასრულდება.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა დევნილთა პრობლემების გადაწყვეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"დღევანდელი ღონისძიება, არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მერიის და თბილისის რაიონული გამგეობის ხელმძღვანელობასთან ეფექტური თანამშრომლობა, რათა დევნილთა ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემა სწრაფად გადაწყდეს. არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით ჩვენი დევნილები დაინახავენ თუ როგორ ვთანამშრომლობთ ყველა რეგიონში გუბერნატორებთან, თვითმმართველ ორგანოებთან. ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს ეხება, ეს არის სახურავების, წყალკანალიზაციის პრობლემა, გაზიფიცირების პრობლემა, ძალიან მაღალი ტემპებით იქნება დაწყებული და დაძლეული. ძალიან მნიშვნელოვანია პრივატიზების თემა, რაც უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, სოფლად სახლის შეძენის პროექტი. მე მინდა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ ჩვენი დევნილები, იმ სიახლეების და პროექტების მიმართულებით, რასაც ჩვენ დავაანონსებთ და დავიწყებთ მათ განხორციელებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია.