საქართველო იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო კონვენციას უერთდება, რომელსაც ნიუ-იორკში ხვალ მოეწერება ხელი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნიუ იორკიდან იუწყება,ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები დაასრულა და ახლა ამ კონვენციაზე შეერთება ოფიციალურად მოხდება.
ზალკალიანის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება რომელიც ახდენს პრევენციას ჩვეულებრივი შეიარაღების და ამუნიციის გაყიდვის, საზღვრის კვეთის და სხვა არალეგალური მოძრაობის საკითხებს. ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რაც მეტი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი იქნება ამ ხელშეკრულების წევრი, მით მეტი იქნება იმის გარანტია, რომ არ მოხდება იარაღით უკანონო ვაჭრობა.
"ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში არის ძალიან ბევრი თეთრი ლაქა, უკონტროლო ტერიტორიები, სადაც ხორციელდება უკანონო შეიარაღების გაყდვა და გადატანა და აქედან გამომდინარე ამ საერთაშორისო ვალდებულებით საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის დიდ ნაწილს და მათ, ვინც მისი რატიფიკაცია უკვე მოახდინა", - აღნიშნა ზალკალიანმა.