22 წლის მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა დღეს, 18.00 საათზე გაიმართოს. სასამართლო პოლიციელისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
3 ოქტომბერს, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პროკურატურამ მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავა. მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამისილება შეუჩერდა.