"პალიტრა L"- ის პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნმა ბესტსელერმა, "ლაბირინთში მორბენალი" ბახტრიონზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიასთან ახალგაზრდების რიგი დააყენა.
ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიაში წიგნის "ლაბირინთში მორბენალი", შეძენა მკითხველს გუშინ 9,95 ლარის ნაცვლად 2 ლარად შეეძლო. წიგნის შესაძენად მაღაზიასთან იმდენად დიდი რიგი დადგა, რომ სიტუაციის დარეგულირება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუხდათ. მოთხოვნიდან გამომდინარე, აქცია, რომელიც მხოლოდ ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო, გახანგრძლივდა და წიგნის ყიდვა ყველა მსურველმა შეძლო. რიგში განსაკუთრებით ახალგაზრდები სჭარბობდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, წიგნი ძალიან პოპულარულია, მის მიხედვით გადაღებული ფილმი ნანახი აქვთ და ამჯერად წიგნის წაკითხვა სურთ.
"ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ აქციის შესახებ გავიგე. დიდი ხანია, ველოდები "ლაბირინთში მორბენალს" ქართულ ენაზე", - აღნიშნა ერთ-ერთმა მყიდველმა თამარ ჩიხრაძემ.
"გილოცავ, ფილმის ნახვის შემდეგ, ახლა უკვე შეგვეძლება წიგნის ქართულ ენაზე წაკითხვაც", - ასე მიმართავდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები, რომლებაც წიგნი შეიძინეს.
წიგნი პროექტის LiberTeens ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. ,,შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც LiberTeens-ის წევრები არიან.
LiberTeens-ის წევრი ბაია იჩვაიძე ამბობს, რომ ამ წიგნის შერჩევა მოხდა იმიტომ, რომ "ლაბირინთში მორბენალი" დღეს ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
"ეს წიგნი ამ ჯგუფის წევრებმა წავიკითხეთ ინგლისურად და ვფიქრობთ საინტერესოა არა მარტო თინეიჯერებისთვის, არამედ უფროსი თაობისთვისაც", - აღნიშნა LiberTeens-ის წევრმა თათა გოგოხიამ.
პროექტი LiberTeens-ი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით დაიწყო და მასში უამრავი თინეიჯერია ჩართული. "გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ჯგუფი, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ბავშვები და თვითონ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას თუ რომელი წიგნი უნდა გამოცემულიყო. მათი სურვილით, ისინი ეცნობიან წიგნებს, არჩევენ მსოფლიოში ცნობილ უამრავ უცხოურ ლიტერატურას, თანამედროვე ლიტერატურას, რომელიც ძალიან ცნობილია მსოფლიოში. შემდეგ ვიკრიბებით ერთად. ძალიან ხშირად ვხვდებით გამომცემლობაში და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი წიგნი გამოიცეს. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" სწორედ მათი გადაწყვეტილებით არის გამოცემული და დღეს ამ აქციაზე ასეთი ამბავი რომ არის, ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია", - განაცხადა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროქტების მენეჯემა თინათინ ფეიქრიშვილმა.
პროექტ LiberTeens-ის წევრები მომავალშიც გააგრძელებენ წიგნების შერჩევას, რომელიც მათი სურვილით გამოიცემა. შემდეგი წიგნი ტოლკინის „სილმარილიონი“ იქნება.
იხილეთ ბმული: უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი