უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის პროცედურა გაუმარტივდათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა.
როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა განაცხადა, ონლაინ რეჟიმში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე განმცხადებელი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული უცხოელი. მისივე თქმით, სახლიდან გაუსვლელად ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის განაცხადის დასარეგისტრირებლად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა სერვისების სააგენტოს https://services.sda.gov.ge ან იუსტიციის სახლის www.psh.gov.ge ვებგვერდის მეშვეობით შეავსოს ელექტრონული განაცხადი, ატვირთოს საჭირო დოკუმენტები, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს ნება ბინადრობის ნებართვის მიღებაზე. ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა უცხოელს გააჩნდეს ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. განაცხადების მიღება იუსტიციის სახლებისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ გვერდების მეშვეობით 29 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მოძიება და ვებ–გვერდებზე აპლიკაციის შევსება შეუძლია სამ ენაზე:ქართლად, რუსულად და ინგლისურად.
მომსახურეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.
ბინადრობის ნებართვის მისაღებად ონლაინ რეჟიმში განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ საქართველოში მყოფ უცხოელს, ხოლო ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე ონლაინ რეჟიმში განაცხადის შემოტანა შეუძლია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფ პირს.
საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: შრომითი, სასწავლო, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნას, უცხო ქვეყნის მოქალაქე აღნიშნული დოკუმენტის მიღებას შეძლებს ვებ გვერდიდან, მისი განაცხადის ნომრისა და კოდის საშუალებით.
აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე +995 32 240 10 10. დისტანციურ სერვისების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.