შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ხანგრძლივი სარესტავრაციო პროცესისა და ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის ,,ნადირობა ინდოეთში" პრეზენტაცია შედგა. შედევრი სრული სახით პირველად გამოიფინა.
როგორც ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა, ქალბატონმა ნანა მანაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სარესტავრაციო სამუშაო საკმაოდ რთული და ფაქიზი შესასრულებელი იყო, რადგან ნამუშევარი ძალიან თხელ მუშამბაზე იყო შესრულებული.
რესტავრატორის თქმით, ნახატი დიდი ფორმატისაა, ბევრი ნახევი და დაზიანება ჰქონდა, რაც კიდევ მეტად ართულებდა სამუშაოს. ასევე, ნახატის ერთი ფრაგმენტი ამოჭრილი იყო და ცალკე ექსპონატად იფინებოდა.
სპეციალისტების აზრით, ფიროსმანს ტილოს შექმნა ინდოეთზე მოყოლილმა ამბავმა შთააგონა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, პრეზენტაციაზე დამსწრეებს მიულოცა მსოფლიო შედევრის აღდგენა, რითაც ქართული ხელოვნების ნიმუშებს კიდევ ერთი საგანძური შეემატა. დავით ლორთქიფანიძემ ფიროსმანის ნამუშევარზე შესრულებული სარესტავრაციო სამუშაო ურთულეს ქირურგიულ ოპერაციას შეადარა.
პრეზენტაციას დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
სარესტავრაციო მოსამზადებელი სამუშაოები 2004 წელს დაიწყო, ხოლო 2014 წელს ნამუშევარი თავდაპირველი სახით აღადგინეს.