განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებლის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესის შემუშავების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო კომისიის წევრებთან პირველ სამუშაო შეხვედრას გაიმართა.
როგორც განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს კომისიის მუშაობის საორგანიზაციო საკითხები.
"ზოგადი განათლების კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, რომლის ფარგლებშიც უნდა შემუშავდეს პედაგოგთა განვითარების და შეფასების სქემა, გვქონდა ვალდებულება, რომ შეგვექმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ სახით შეიმუშავებდა ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია ზოგადი განათლების კანონში. შესაბამისად, კომისია იწყებს მუშაობას, თუ არ ვცდები 9 პუნქტია, რომელიც მომზადდებდა კომისიის ფარგლებში, ხოლო ამის შემდეგ დადგება მთავრობაზე დასამტკიცებლად. შრომატევადი და მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება გვიწევს", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში შედიან პედაგოგები, სკოლის დირექტორები, პროფესორები, ასევე წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, განათლების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლები.
მინისტრის ინფორმაციით, პედაგოგთა შეფასების ახალი კრიტერიუმები მომავალი სასწავლო წლისთვის ამოქმედდება.