ირაკლი სესიაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ვაჟკაცურს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ვაჟკაცურს უწოდებს.

როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ ვაჟკაცურია გადაწყვეტილება, პატივი სცე გარდაცვლილი ოჯახის მოთხოვნას.

"მე ვუფასებ, რომ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. მან პატივი სცა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას და თავისი ნებით დაწერა განცხადება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში გაქარწყლდება თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა და აქვს, რომ შეიძლება ჭიკაიძე ვიღაცას მფარველობდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრს "ქვეყნის სამსახურისთვის" მადლობას უხდის.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი მჭევრმეტყველება არ მოსწონდა, მთელი სულით და გულით ემსახურებოდა ქვეყანას. საქმეს აკეთებდა თავისი პროფესიონალიზმით და იდგა ქვეყნის სამსახურში. ამისთვის მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - აღნიშნა სესიაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებს ჭიკაიძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო