"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ვიდეოს გმირი ეკა ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ დავით ცინარიძეს არ იცნობს. როგორც ეკა ყუშიტაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, იგი პატრულმა აიძულა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა.
"მარაზმია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თვითონ გაიძულებს, აგინო და ამასობაში შენ გამოდიხარ ცუდი. ვამბობდი, რომ დავით ცინარიძეს ვურეკავდი. ახლა საქართველოში არის ასეთი სიტუაცია, რომ ყველა ადამიანი, ვისაც არ აქვს სამსახური, მუშაობს პატრულში, ყველა იძულებულია იმუშაოს პატრულში, იმის მიუხედავად, არის თუ არა შინაგანად პატრული და არის თუ არა ამისთვის მზად. ამიტომ ხშირად გოიმდებიან ხოლმე პატრულები, ვეუბნები ცინარიძეს ვურეკავ და ამ დროს ვურეკავ ვიღაც ძმაკაცს, ამათ ჰგონიათ, რომ მართლა ცინარიძეს ვურეკავ და ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯერ მქონია", - აღნიშნა ეკა ყუშიტაშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელიც პატრულს შეურაცხყოფას აყენებს. ყუშიტაშვილი ახსენებს ზვიად ჯანყარაშვილს და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს. ამასთან, ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს პატრულის თანამშრომლებს.