ნინო ლომჯარია - ბიძინა ივანიშვილი რეალურად წარმოადგენს ხელისუფლებას და აღშფოთებულია ჩვენი საქმიანობით

არასერიოზულია, რომ ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი და გავლენიანი ფიგურა დაინტერესებულია სამი სამოქალაქო აქტივისტის პერსონის შესწავლით და ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევას აკეთებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.

"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ინტერესდება, ვინ, რა მეთოდოლოგიით, რა სტატუსითა და ხერხების გამოყენებით ატარებს კვლევას? მისივე შეფასებით, არასამთავრობო თავად განსაზღვრავს თავის პრიორიტეტს, თუმცა, ლომჯარიას მოსაზრებით, ქვეყანაში სხვა პრიორიტეტები უფრო არსებობს, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიძლება იმუშაობს. მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება გარკვეულ მუქარასაც შეიცავს.

"იმდენად არასერიოზულია ეს განცხადება, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც მიჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე გავლენიანი ფიგურა ქვეყანაში იკვლევს რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის ცხოვრებას და პიროვნებას, რაც ვფიქრობ რეალურად არის ზეწოლა ჩვენს პიროვნებებზე. უკმაყოფილოა ჩვენი საქმიანობით და მისი განცხადება გარკვეულ მუქარასაც შეიცავს. არასერიოზულია, რომ ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, გავლენიანი ფიგურა დაინტერესებულია სამი სამოქალაო აქტივისტის პერსონის შესწავლით და ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევას აკეთებს. მე ვფიქრობ, უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეებით უნდა იყვნენ დაკავებული, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი რეალურად წარმოადგენს ხელისუფლებას, მის ინტერესებს და აღშფოთებულია ჩვენი საქმიანობით.

"ზოგადად, კრიტიკა აღიზიანებს ყველა ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს. რეალურად, ის არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლებას და ბატონი ბიძინაც იმიტომ არის აღშფოთებული ჩვენი საქმიანობით, რომ რეალურად წარმოადგენს სწორედ ხელისუფლებას და მის ინტერესებს. მე ვფიქრობ, ეს არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენლის პასუხი, ეს იყო რეალურად, ხელისუფლების წარმომადგენლის პასუხი, სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის მიმართ", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.

ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ "მთავრობაზე დიდ არასამთავრობოებთან" შეკითხვები აქვთ.

"არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ - მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე - ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რა შეკითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების აღნიშნულ წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა