ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით, რუსეთის რეაქციის მიუხედავად, საწვრთნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით, რუსეთის რეაქციის მიუხედავად, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი.

როგორც ვერშბოუმ დღეს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პროექტის "შეხვედრები საპატიო სპიკერებთან 2015" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ნატო-ს საქართველოში ყოფნის ყველაზე ხილვადი ელემენტი იქნება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

"წვრთნის და შეფასების ცენტრი წელს ჩამოყალიბდება და ეს იქნება ყველაზე ხილვადი ნაწილი არსებითი პაკეტისა, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული. ვმუშაობთ ქართველ კოლეგებთან ერთად, რათა შევარჩიოთ ადგილი. ჩვენ ვიყავით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია ამ ცენტრის განლაგებისთვის. არის სხვა ვარიანტებიც და შეფასების მიზნით სპეციალური ჯგუფი თებერვალში ჩამოვა და ცენტრის განლაგების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, აგრეთვე გვჭირდება კონკრეტულად ვიცოდეთ მიზნები, ამოცანები ამ ცენტრისა, რა ტიპის სამხედრო წვრთნები შეიძლება ჩატარდეს იქ, რა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტები და ა.შ. ძირითადად, იქნება სამხედრო წვრთნები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისი რესურსები ამ მიზნით მოძიებულია და ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე იქნება წელსაც და ყოველწლიურად მომავალში", - განაცხადა ვერშბოუმ.

მისივე თქმით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატო-ს მრჩევლების ყოფნა საქართველოში.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნის თაობაზე რუსეთის რეაქციის შესახებ დასმულ კითხვას, ვერშბოუმ აღნიშნა, ეს საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაა და რუსეთს ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ უკვე გავიგეთ და მოვისმინეთ, რომ რუსეთის მიდგომა ამ ცენტრთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიურია და რაღაც მუქარასაც შეიცავდა, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ძალიან ნათელი გავხადეთ, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, რომ ასეთი ცენტრი იყოს ჩამოყალიბებული და ჩვენი უფლებაა, რომ დავეხმაროთ სუვერენულ სახელმწიფოს, კიდევ უფრო გააძლიეროს თავის უსაფრთხოება. მართალია, პოტენციური სცენარები არ შეგვიმუშავებია, როგორი შეიძლება იყოს მომავლის პერსპექტივები, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი გადაწყვეტილება. რუსეთის რეაქციას ვნახავთ, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ვეტოს უფლება", - განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო