ადვოკატი გამორიცხავს, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ

გამორიცხულია, გუშინ დაკავებული 11 პირიდან გამოძიებასთან რომელიმე თანამშრომლობდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული კახა ნაკანის და ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ არც ერთი პირი, რომელიც გუშინ დააკავეს, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

"გამორიცხულია, რომ რომელიმე დაკავებულს გამოძიებასთან ეთანამშრომლა. მათ ჩვენებაც არ მიუციათ. არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და შესაბამისად არც აღიარებით ჩვენებას მისცემენ", - განაცხადა კახა შონიამ.

"ინტერპრესნიუსი" პროკურატურასაც დაუკავშირდა, სადაც ჯერ არ აკონკრეტებენ, თანამშრომლობენ თუ არა დაკავებულები გამოძიებასთან.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გახსნილად გუშინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებული არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს