ალექსანდერ ვერშბოუს ვიზიტთან დაკავშირებით ნატო-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს ვიზიტთან დაკავშირებით ნატო-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ინფორმაციას აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ საქართველო მისაბაძი მაგალითია მთელ რეგიონში და უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანაა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო მიიწევს წინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რაც არის ქვეყნის სუვერენული არჩევანი. გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გარდა ამისა, მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს, როგორც უსაფრთხოების ექსპორტიორს, რაც გამოიხატება ნატოსა და ევროკავშირის ოპერაციებსა და მისიებში ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილში", - ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და განიხილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები, საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ბაზის შექმნისათვის მზადების ჩათვლით. მისი თქმით, ეს ცენტრი დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებაში, მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში.

"ვერშბოუმ გამოთქვა იმედი, რომ ბაზა წელსვე ამოქმედდება. გენერალური მდივნის მოადგილემ მოუწოდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალზმის გაუმჯობესებისკენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ სიტყვით მიმართა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექტემბერში, უელსის სამიტზე, ალიანსმა შეათანხმა კონკრეტული ზომებისა და ღონისძიებების შემცველი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელთა მიზანიცაა საქართველოს დახმარება უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და პროგრესის მიღწევა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

"გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ლიდერებმა მიიღეს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ძალაში რჩება: თქვენი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუ ის დააკმაყოფილებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას, - განაცხადა ვერშბოუმ, - მას შემდეგ, რაც შვიდი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ბუქარესტში, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა ამბიციური რეფორმები და სასიკეთოდ გამოიყენა ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა და ჩვენი წლიური ეროვნული პროგრამა. ნატო-ს წევრები მიესალმებიან თქვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე თქვენი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციას", - ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით დონდუას, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ვერშბოუ ასევე ეწვია ვაზიანის საწვრთნელ ბაზას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა