"ბიბლუსი გალერიში" გეილ ფორმანის წიგნი "თუ დავრჩები" 8 ლარის ნაცვლად 2 ლარად ყველა მსურველმა შეიძინა

"ბიბლუსი გალერიში" გეილ ფორმანის წიგნი "თუ დავრჩები" 8 ლარის ნაცვლად 2 ლარად ყველა მსურველმა შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ აქცია მხოლოდ ერთი საათით იყო დაგეგმილი და 20.00 საათზე უნდა დასრულებულიყო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქცია ბოლო მკითხველის მომსახურებამდე გაგრძელდა.

წიგნის შეძენის მსურველებმა რიგის დაკავება აქციის დაწყებამდე ორი საათით ადრე დაიწყეს. მკითხველების სიმრავლის გამო, შეუძლებელი იყო გადაადგილება "ბიბლუსი გალერის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირის ქვეითთა სავალ ნაწილზე. "ბიბლუსი გალერიში" შესულ მომხმარებლებს რამდენიმე სალარო ემსახურებოდა, რამაც პროცესის დაჩქარება და ორგანიზებულად წარმართვა უზრუნველყო.

გეილ ფორმანის წიგნი "თუ დავრჩები" პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში გამოიცა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერის თინათინ ფეიქრიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მონაწილე თინეიჯერები თავად ირჩევენ რომელი წიგნი უნდა ითარგმნოს.

"LiberTeens-ის ჯგუფის წევრები უცხო ენაზე კითხულობენ თანამედროვე ლიტერატურას და გვაწვდიან რეკომენდაციებს, რომელი წიგნი გამოიცეს. არჩევენ წიგნებს, რომელზეც დიდი მოთხოვნაა და მათ თაობაში პოპულარულია. ძალიან გვიხარია, რომ ამ ასაკის ბავშვების მოთხოვნილებებს მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ", - აღნიშნა თინათინ ფეიქრიშვილმა.

გეილ ფორმანის წიგნის, "თუ დავრჩები" მთარგმნელი ნათია ჩუბინიძეა. მისი ინფორმაციით, რომანი თინეიჯერებისთვის საინტერესოა, თუმცა სხვა ასაკის მკითხველსაც გულგრილს არ დატოვებს. მთარგმნელი ამბობს, რომ წიგნი ძალიან ემოციურია და მკითხველს საჭირბოროტო საკითხზე მოუთხრობს.

წიგნის ყიდვის მსურველებს შორის ყველა ასაკის ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი უმრავლესობა 13-დან 19 წლამდე ახალგაზრდა იყო. თინეიჯერები ამბობენ, რომ მათი დიდი მოწონება დაიმსახურა ფილმმა "თუ დავრჩები" და წიგნის ყიდვაც აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს.

პროექტ LiberTeens-ის სლოგანია "შენი თაობის არჩევანი". ჯგუფის წევრები ნათარგმნი წიგნებიდან ციტატებსა და საკუთარ შთაბეჭდილებებს LiberTeens-ის "ფეისბუქის" გვერდზე ერთმანეთს უზიარებენ. ნებისმიერ თინეიჯერს შეუძლია პროექტს შეუერთდეს.

პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბერში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა. პირველ დღეს აქციაზე წიგნი 10 ლარის ნაცვლად, ორ ლარად გაიყიდა. გამოცემის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი იდგა.

პროექტის ფარგლებში თინეიჯერების მიერ შერჩეულ მათ ფავორიტ წიგნებს გამომცემლობა "პალიტრა L" პერიოდულად გამოსცემს.

იხილეთ ბმული: უპრეცედენტო აქტივობა წიგნის შესაძენად და აქციით კმაყოფილი ახალგაზრდები "ბიბლუსი გალერიში"

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე