გიორგი კახიანი პარლამენტის წევრებს ნინო გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას დადებითად აფასებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი კახიანმა განუცხადა, იმ მრავალი ღირსეული კანდიდატიდან, რომელიც იყო წადგენილი, გიორგი მარგველაშვილმა საუკეთესო დაასახელა.

"ნინო გვენეტაძე გამოირჩევა პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, კეთილსინდისიერებით. წლების განმავლობაში იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და, გარკვეულწილად, ასოცირდება სამართლიანობისათვის მებრძოლ მოსამართლედ. წინა ხელისუფლების პირობებში მის მიმართ გარკვეული დევნა იყო და იძულებით შეუწყვიტეს უფლებამოსილება. მის კანდიდატურას მხარს დავუჭერ და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, რომ მათაც დაუჭირონ მხარი", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება პროცედურებს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჯერ კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

"მე ვფიქრობ, ფრაქციებსაც ექნებათ სურვილი, გაესაუბრონ ამ კანდიდატს და ალბათ ფრაქციებთანაც მოხდება კანდიდატის შეხვედრები. მას შემდეგ, რაც კომიტეტი განიხილავს ამ კანდიდატურას, კომიტეტზე ფარული კენჭისყრა შედგება, შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად", - განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, პლენარული სხდომა გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, რომ ნინო გვენეტაძე არჩეული იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

"პროცედურა არის ისე, რომ პრეზიდენტს ერთი კანდიდატის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთხელ და იმედი მაქვს, რომ პირველი წარდგენაზე ეს კანდიდატურა იქნება არჩეული. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს არ შეუძლია მეორედ წარადგინოს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა", - განაცხადა კახიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს