ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 9 აპრილის ქუჩაზე, ფეხით სავალი ნაწილის გასწვრივ არსებული მოაჯირეებისა და ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული აივნების სარეაბილიზაციო სამუშაოები დაიწყო.
ახალშენის დასახლებაში ე.წ. ცოფიან ღელეზე ახალი რკინა–ბეტონის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხდება ჯებირის საძირკვლების ამოღება და ყალიბის მომზადება ბეტონის ჩასასხმელად. სოფელ ყვიბისში ე.წ. შუბითიძეების უბანში არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა ტენდერები და უახლოეს მომავალში, სოფელ მზეთამზეში გამავალი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება. ბაკურიანში კოსტავასა და წერეთლის ქუჩებზე გზა დაიგება. ბორჯომში 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. მუნიციპალიტეტის ცნობით, სასიკეთოდ გადაწყდება ბორჯომში ბარათაშვილისა და 300 არაგველის ქუჩების მოასფალტების პრობლემაც.