ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა

მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გამართული აქციის შეფასებისას განუცხადა.

"პირველ რიგში ალბათ უნდა გავაანალიზოთ, თუ რა აქციასთან გვაქონდა საქმე, ანუ რა მიზანი ჰქონდა "ნაციონალური მოძრობას", როდესაც ამ აქციის ორგანიზებას ახდენდა. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადადგომას ვერ შეძლებს, ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში, თავად ძალიან კარგად იციან. "ნაციონალური მოძრაობის" დაკრულზე რომ ჩვენი ქვეყანა აღარ ივლის, მე მგონი, ესეც რთულად გასაგები არ არის. ჩემი აზრით, მათი შეკრების მიზანი იყო იმ აქტივის შენარჩუნება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წინა მმართველობიდან მოყოლებული ინერციით შერჩა. მათი მიზანი იყო, რომ აქტივი შეენარჩუნებინათ, შეეკრიბათ და ისეთი სურათი შეექმნათ, თუნდაც მოდელირებული, რომ გარკვეულ ძალას წარმოადგენენ", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრეტენზია, რომ ნომერ პირველი ოპოზიციაა.

"ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, რომელმაც ერთი თვით ადრე დაანონსა ეს აქცია, რეგიონებში იარა და ხალხის მობილიზაციას შეეცადა; რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად, ჩემი აზრით, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. ეს ყველაფერი მარტივად რომ შევაფასოთ - მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ. მათი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ არჩევნებამდე რაღაცა მუხტი შეენარჩუნებინათ, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წელი მართავდა, ამხელა რესურსი ჰქონდა და ამხელა რესურსის დახარჯვით, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 000 კაცზე მეტს ვერ შეკრებს, მე მგონი, ამან ყველაფერს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა", - განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა საზოგადოებას მიმართა და დაამშვიდა.

"მინდა, საზოგადოება დავამშვიდო, რადგან ჩვენს საზოგადოებას წასრულის სიბნელეში დაბრუნების ეშინია - ეს არის წამება, ბიზნესის ტერორი, სასამართლო ხელისუფლების ჯიბეში ჩასმა და ა.შ. საზოგადოებას აქვს შიში და თუ ჩვენ გვაკრიტიკებენ, პირველ რიგში, იმისთვის გვაკრიტიკებენ, თუ როგორ იღებს "ნაციონალური მოძრაობა" ხმასო. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და მარტივად ვუთხრა, რომ საკუთარ თვითლიკვიდაციას "ნაციონალური მოძრაობა" თვითონ მოახერხებს და ამას გააკეთებს ისევ იმ ტყუილების პოლიტიკის გაგრძელებით, თვითლუსტრაციით. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, ალბათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ისეთივე რეაქცია მოხდინა, როგორც სააკაშვილი 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს გვიწყობდა, მაგრამ ამ ქმედებით - ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი რეაგირებით "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე დარწმუნებული ვარ, რომ თვითლიკვიდაციას მოახდენს და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღე, სადაც მათი მხრიდან უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მინიმალური აქტივი ვერ შეკრიბეს. პარტია, რომელსაც 50 კაცამდე ჰყავს პარლამენტში. ასევე ჰყავს ყველა საკრებულოში წარმომადგენელი, ამდენი ზონდერია სამსახურიდან გაშვებული და მიუხედავად ამისა, საქართველოს მასშტაბით 12 000 კაცს ვერ შეაგროვეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, კამერას შეუძლია 360 გრადუსით იტრიალოს, თუმცა "რუსთავი 2"-ის, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" კამერა 45 გრადუსზე ვერ ტრიალდებოდა. ეს არის მაგათი სახე".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობის გადასაყენებლად დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვოს, სესიაშვილის განცხადებით, ეს არის ტყუილების პოლიტიკის გაგრძელება.

"ყველამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენ ხმას ვერ შეაგროვებს პარლამენტში, რომ მთავრობის გადაყენების თუნდაც პროცედურა დაიწყოს. ეს არის ზღაპარი", - განაცხადა სესიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო