აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ანსამბლ ,,სიხარული 2"-ის გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრეს.
როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა.
,,მე პირველ რიგში ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ძალიან თავზარდამცემი ტრაგედიაა ჩვენი ერისთვის, მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ აჭარიდან ჩამოვედით, რომ მიგვესამძიმრებინა ოჯახისთვის, ქალაქისთვის და მთელი რეგიონისთვის. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მსგავსი არ უნდა განმეორდეს და უნდა იქნას ზომები მიღებული, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. მე მქონდა პროკურატურასთან საუბარი, იკვეთება რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებიდან მოხდება შეჯერება კონკრეტულ ფაქტზე. აღძრულია საქმე სასტუმროს მეპატრონესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, უახლოეს პერიოდში მომხდართან დაკავშირებით დასკვნა დაიდება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ხაბაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა და ქობულეთის საკრებულო აქტიურად მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც კონტროლისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალებას ადგილობრივ ხელისუფლებას მისცემს.
,,სამთავრობო დონეზე იქნა განხილული ეს საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ადვილად მოსაგვარებელი საკითხი, იმიტომ რომ სახლის ტიპის სასტუმროები, განსაკუთრებით ქობულეთში, ძალიან ბევრია. სამვარსკვლავიან, ოთხვარსკვლავიან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, რომელთაც ერთგვარად ვაკონტროლებთ, იქ მსგავსი პრობლემა არ არსებობს, დაცულია სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ ახლა საკრებულო მსჯელობს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს მიღება გადაწყვეტილების, რომელიც მოგვცემს საშუალებას ქობულეთში ყველა სასტუმროსა და დასასვენებელი ობიექტების უსაფრთხოების კუთხით რაღაც ზომები ჩაავატაროთ. აუცილებლად შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, მოხდება გადამოწმება და ზომების გატარება, მინიმუმ ცეცხლსაქრობი და სხვა საშუალებები უნდა იყოს სასტუმროებში და ტურისტულ ობიექტებში.
ზაფხულისთვის მაქსიმალური მობილიზება იქნება სახანძრო და სამაშველო სამსახურების, ასევე სხვა სამსახურების, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მოახდენენ პატრულირებას, მონიტორინგს მთლიანად რეგიონის, განსაკუთრებით ბათუმის, კვარიათის და ქობულეთის", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ქობულეთში, სასტუმრო ,,არმაზში", 10 მაისს მომხდარ ხანძარს სამი მცირეწლოვანი ბავშვის, ანსამბლ ,,სიხარულის" წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა. ქორეოგრაფიული ანსამბლი ბათუმში სამი დღით, ფესტივალზე იყო ჩასული, საღამოს ისინი სასტუმრო ,,არმაზში" დაბინავდნენ, სადაც 10 მაისის ღამეს ცეცხლი გაჩნდა. მაშველებმა და პოლიციამ სასტუმროდან 45 ადამიანი, მათ შორის 31 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენებიდან, კერძოდ კონდენციონერიდან გაჩნდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"