ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მოსამართლის განჩინებით, გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის სხდომებზე, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიზღუდა. ამასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან თუ სასამართლოს აზრით ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს.

ამავე სხდომაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა - გ. ოქროპირიძის ბრალდების საქმე განხილულიყო მოსამართლის მიერ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე სასამართლოს ინიციატივით - ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების, პირადი, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით - მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები დახურა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს, პროცესის მონაწილე მხარეებთან ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნინო დიდებულიძე დაესწრება",-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს