ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია.

ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. 21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის თაობაზე სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შეახსენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს.

რაც შეეხება სტიქიის შედეგების საიკვიდაციო სამუშაოებს, სვანიძის ქუჩაზე კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დამატებით შეყვანილია 50 სამხედრო მოსამსახურე, რათა დროულად მოხდეს ძაღლების თავშესაფრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. ამ მომენტისთვის გაკეთებულია ხეობის მეორე მხარეს გადასასვლელი გზა, რითაც მძიმე ტექნიკა სარგებლობს. ძირითადი ძალები გადართულია სვანიძის ქუჩის მიმდებარე ვერეს ხეობისა და იქ არსებული გვირაბის სიახლოვიდან ჩამონადენი და ნაშალი მასალების გამოტანაზე. ინტენსიურად მიმდინარეობს ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, ქარხნიდან მავნებლად მიჩნეული, გაფუჭებული სურსათის ამოღების პროცესი თითქმის დასრულდა. აღნიშნული ტერიტორიიდან უკვე გატანილი და განადგურებულია 135 ტონამდე მავნებლად მიჩნეული გაფუჭებული მზა სურსათი და ნედლეული.

მზიურის ტერიტორიაზე 285 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 50 თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 27 თანამშრომელი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და მერიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიების ტექნიკა მუშაობს.

გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ზოოპარკის ტერიტორიაზეც. პრობლემატურ ადგილმდებარეობად რჩება მტაცებელ ცხოველთა ვოლიერი, საიდანაც წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხდება ვოლიერთან სპეცტექნიკისთვის მისასვლელი გზის წმენდა.

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება წყლის ამოტუმბვითი და ჩამონადენი მასალების გატანითი სამუშაოები. წყნეთის ქუჩის მიმდებარედ ნაპირის გამაგრებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დასრულდა 6 ხიმინჯის მოწყობა, დღის ბოლომდე დაემატება კიდევ 4. ადგილზე სამუშაოებს სააქციო საზოგადოება "ზიმოს" სპეცტექნიკა და პერსონალი აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში ღამით სამუშაოების გასაგრძელებლად დამონტაჟებულია სპეციალური განათება.

სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება პოტენციური რისკის შემცველ ყველა კერაზე - სვანიძის ქუჩა, "მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პოტენციური რისკები. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ზოოპარკისა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველები ნადგურდება სპეციალურ ინსენერატორში (ლეშის გამანადგურებელი კრემატორიუმი), რომელიც განთავსებულია თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე (ნორიოს ნაგავსაყრელი). განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ.

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობიდან 328 ადამიანი განთავსებულია სხვადასხვა სასტუმროში, ხოლო 92 _ კერძო ბინებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო