თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ჩუბინაშვილის ქუჩის N40-ში მდებარე სახლის სადემონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სახლის დემონტაჟი, რომელსაც მოსახლეობა უკვე მრავალი წელია მოითხოვს, ამჟამად ჩუღურეთის გამგეობის ინიციატივით მიმდინარეობს. პარალელურად, სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხორციელდება და თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ინვესტორის მოძიება იგეგმება. ჩუბინაშვილის ქუჩის N40-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის ნაწილი წლების წინ ჩამოიშალა. იქ მცხოვრები 23 ოჯახიდან, 9 გაყვანილია ქირით.
სადემონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა უზნაძის N3-ში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი კობახელაშვილების 11 სულიანი ოჯახი მოინახულა, რომელსაც 13 ივნისს მომხდარმა სტიქიამ საცხოვრებელი ფართი დაუზიანა. ოჯახმა დახმარებისთვის რიმა ბერაძეს მიმართა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ოჯახს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვა. როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, მან უკვე მიმართა რაიონის გამგეობას, რომლის საფუძველზეც ოჯახის მდგომარეობას შესწავლის, მათთვის ფინანსური დახმარების გაწევისა და დაზიანებული ფართის გარემონტდების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება.