ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი ფინალისტები დაასახელა. კონკურსზე წარდგენილი 315 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე 46 საუკეთესო მოხვდა. ამით კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა, წლევანდელი გამარჯვებულები კი სექტემბერში, "საბას" რიგით მე-13 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდებიან. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და "საბას" პრიზითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოებს.
საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს "საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, "თიბისი ბანკი" გადასცემს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, წელს "საბას" კიდევ ერთი სიახლე აქვს _ მისი მედია პარტნიორი ტელეკომპანია "იმედი" გახდა. "საბას" წლევანდელ დაჯილდოებას, პირდაპირ ეთერში, სწორედ "იმედის" მაყურებელი იხილავს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს "თიბისი ბანკმა" და პენ-ცენტრმა დააფუძნა. პრემიის მიზანია გასული წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და, ასევე, ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანები. ცალკე გაიცემა პრემია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის".
ჟიურის მიერ ფინალისთვის შერჩეული წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონული წიგნების სახლში "საბა", ვებ-გვერდზე: www.saba.com.ge.