ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკასა და საოკუპაციო ზოლში შექმნილ ვითარებაზე "ინტერპრესნიუსი" თსუ-ს პროფესორს, საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრს, დავით იაკობიძეს ესაუბრა.
- ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით ქართულ ეკონომიკაში არსებულ ვითარებას, რეგიონებში ამოქმედებული პროექტების მიმდინარეობას და იმ პროცესებს, რომელიც ეკონომიკის მდგომარეობასა და ლარის კურსს განსაზღვრავს?
- ლარის კურსი აქტუალურია და ყოველთვის აქტუალური იქნება, რადგანაც ჩვენ ლარის საშუალებით ვახდენთ მსოფლიოს საერთო ბაზარზე ინტეგრაციას. თუ ლარი არ იქნება კონვერტილური, მაშინ ჩვენ მსოფლიო ბაზართან ინტეგრაციას ვერ განვახორციელებთ. ამიტომ, იგი ჩვენი ეკონომიკის საფუძველია და ის მოდელი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, გულისხმობს სწორედ ისეთ ეკონომიკურ ცენტრს, რომლის ფოკუსს ლარი წარმოადგენს. ჩვენ მსოფლიო ფინანსური სისტემის ორგანული და შემადგენელი ნაწილი ვართ, ამიტომ მსოფლიოს ფინანსური სისტემის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა, რომ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას ხელი შეუწყოთ, რაც სწორედ ლარის კურსზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მისი აქტუალურობა მუდმივად იქნება და ეს არ არის გასაკვირი.რაც შეხება იმას, რომ ლარის კურსი დოლართან შეფარდებით არ გამოიყურება სახარბიელოდ, ეს დღეისათვის მიმდინარე პროცესების აუცილებელი და შემადგენელი ელემენტია. ქართულ მედიაში ხშირად საუბრობენ ლარის კურსის გარე და შიდა ფაქტორებზე, რაც არ არის მთლად სწორი და აი რატომ - როცა ჩვენ უკვე ეკონომიკური თვალსაზრისით ღია საზოგადოება ვართ, როცა ჩვენ მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილი ვართ, აღარ არსებობს "ის გარე ფაქტორი", რომლისგანაც ჩვენ თავის დაცვა შეგვიძლია. როცა მსოფლიოში მიმოქცევაში დოლარის რაოდენობა მცირდება და იგი დაახლოებით 1/3-ითაა შემცირებული, ამისგან თავის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მსოფლიო საფინანსო სისტემის ნაწილად ყოფნა ნიშნავს ორი რამის აღიარებას - გქონდეს ერთი ფული, რომელზედაც ორიენტირებულია მსოფლიო საზოგადოება და აუცილებლად ახორციელებდე ამ ფულის კონვერტაციას. გადარიცხვების საშუალებით ხდებოდეს კაპიტალის მოძრაობა და არა მისი სხვანაირი ფორმით გადატანა, იგულისხმება საბაჟოზე დაფიქსირებით და გადასახადების დაწესებით და ასე შემდეგ. კაპიტალის მოძრაობას ფისკალურ გარემოსთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ეს ის პირობებია, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ეს პირობები ჩვენ გვიცავს კიდეც. უკრაინის კრიზისი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო, რამაც გამოიწვია წარმოების შემცირება, სომხეთში წარმოების ტემპების საშინელი ვარდნა, აზერბაიჯანსა და თურქეთში გართულებები, არ შეიძლებოდა ჩვენს ეკონომიკაზე არ ასახულიყო. ლარის მოდრეიფე კურსმა გარკვეული დეფორმირებები მიიღო. მთავარი ისაა, რომ ასეთმა სიტუაციამ ასახვა ჰპოვა ბიუჯეტზე.
რა ხდება ბიუჯეტში? ჩვენთან არსებული კანონმდებლობით ბიუჯეტი არის მთავრობის განკარგულებაში არსებული სახსრები, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს და რომელიც წარმოდგება გარკვული ხარჯთავრიცხვის სახით. ამ სიტუაციაში მისი სეკვესტრირება შეუძლებელიც არის, რადგანაც სეკვესტრირება მოითხოვს იურიდიულ წინაპირობებს. უნდა იყოს კანონი, რომელიც განსაზღვრავდა დაცულ მუხლებს, რომლებსაც არ შეეხება შემცირება და ამის შემდეგ თანაბარპროპორციულად უნდა შემცირდეს ყველა დანარჩენი მუხლები, რომელშიც მიემართება ბიუჯეტის ფული.
ამიტომ, ის, ვინც ამბობს, რომ მოხდა ბიუჯეტის სეკვესტრი, ან ცრუობს, ან არ იცის და ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. ამიტომ, საქართველოში ბიუჯეტის ორგანიზატორები ყოველთვის აკეთებდნენ მიმდინარე პროცესებში ბიუჯეტის კორექციას. როდესაც გილაური იყო ფინანსთა მინისტრი, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და კორექტირება წელიწადში 4-ჯერ ხდებოდა. შემდეგ პერიოდებშიც 2-3-ჯერ ხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება. მართალია, 2012 წელს იცვლებოდა მთავრობა, მაგრამ მმართველმა გუნდმა ბიუჯეტში ცვლილების შეტანა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ერთხელ კიდევ მოახერხა. ანუ, წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტი ხშირად იყო კორექტირებადი. იგივე სიტუაციში ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტში კორექტივების გაკეთება. მიმაჩნია, რომ მიმართულება სწორია.
160 მილიონით მცირდება მიმდინარე ხარჯები და ეს ფული გადააქვთ სხვა ღონისძიებებში. რამდენადაც ვიცი, მათი ძირითადი ნაწილი სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრასა და ადგილებზე არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. ამით ხელისუფლება სამომხმარებლო ბაზარს ფულით კი არ ტვირთავს, არამედ ფინანსებს კაპიტალური მშენებლობისათვის, ნიადაგის მოწესრიგებისა და გზების სარეაბილიტაციოდ გამოიყენებს, რაც უფრო გააჯანსაღებს ეკონომიკას. რა გამოუვათ, ეს მეორე საკითხია.
- რაც შეეხება ეკონომიკაში არსებული ვითარების ზოგად შეფასებას?
- ეკონომიკაში არსებული ვითარება მარტივი შეფასებადი არ არის. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ ინფლაცია არ არის. ბაზარზე, მიუხედავად ფულის კურსის ცვლილებისა, სტაბილური მდგომარეობაა. შეამჩნევდით ალბათ იმასაც, რომ ზოგიერთ პოზიციაზე ფასები შემცირებულიც არის, ზოგიერთ პოზიციაზე იზრდება. ამავე დროს, ვხედავთ რომ, დასაქმების თვალსაზრისით გარკვეული ძვრებია. სამუშაო ადგილებიც გამოჩნდა და დასაქმებულების შრომის ნაყოფიერების ზრდაცა გვაქვს. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ქერის ისეთი მოსავალი, ახლა რომ გვაქვს. ეს ბუნებრივად კი არ მომხდარა, არამედ იმის გამო, რომ ამ სფეროში ფული დაიხარჯა. წელს ქერის მოსავალმა ერთ ჰექტარზე 7,5 ტონა შედაგინა. ასევე საუბარია იმაზე, რომ წელს ხორბლის უხვი მოსავალია, თუმცა არ ზუსტდება ჰექტარზე რამდენი ტონა იქნა მოწეული.ასევე გაზრდილია წველადობა, მეცხვარეობაში ცხვრის ნამატი. მართალია დასავლეთ საქართველოში მესიმინდეობის დარგში ჩამორჩენაა, მაგრამ სამაგიეროდ, გაზრდილია თხილისა და ხილის წარმოება. ვხედავთ ბაზრის ახალი სეგმენტების ძიების ტენდენციებს. მაგალითად, გურიაში მოცვისათვის, ხოლო სამეგრელოში თხილისათვის. ეკონომიკაში შექმნილია წინაპირობები, რომელსაც უნდა მოჰყვეს ძვრები.
- მალე სამი წელი იქნება, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. ამ პერიოდში მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკისაგან მნიშვნელოვნად განსხავავდება. რით განსხვავდება "ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა "ნაციონალების" ეკონომიკური პოლიტიკისაგან? და კიდევ, ხშირად გაიგონებთ, "ნაციონალების" დროს რაღაც მაინც კეთდებოდა, ახლა ყველაფერში სტაგნაციაა. მთლად ასე არ უნდა იყოს, მაგრამ, თქვენი აზრით, ასეთი შთაბეჭდილება მაინც რატომ რჩება ჩვენს მოქალაქეებს?
- ეკონომიკურ პოლტიკაში განსხვავება ისაა, რომ ადამიანი გახდა ეკონომიკური ზრუნვის ობიექტი. პროცესი წავიდა ადამიანის განვითარების ძირითადი მაჩვენებლების ზრდისაკენ. მანამდე ეკონომიკური პროცესები საერთოდ არ იყო პოლიტიკის განხილვის ობიექტი. იყო საბაზრო ეკონომიკის გლობალური კანონზომიერებების თვითდინებაზე მიშვება. შესაბამისად, ნელ-ნელა იცლებოდა კიდეც საქართველო აქტიური სამუშაო ძალისაგან. ეხლა პრინციპულ შემობრუნებას ვხედავთ. ამის კარგი მაგალითია ის, რაც ხდება სამედიცინო სისტემაში, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე მშენებლობაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულება იცვლება, ახლა ყალიბდება და ფოკუსირებულია ადამიანზე.მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გავიაზროთ რაც ხდება, არის ორი - 1. ინსტიტუციები, რომლებიც ახორციელებდნენ ამ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ძველია, არაფერი შეცვლილა. არადა, მათი მიზანდასახულობები აშკარად იცვლება. 2. ძალიან სუსტია ხელისუფლების აღმასრულებელ შტოსა და საზოგადოებას შორის კავშირურთიერთობა. კი შეიმჩნევა, ამ ინსტიტუტებისადმი საკმაოდ მაღალი ნდობის ხარისხი, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს საზოგადოებას არსებული პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიმართულებით, რასაც პიარს ეძახიან, ძალიან სუსტი მდგომარეობაა. ხალხს ეუბნებიან რომ წელს ხორბლის უხვი მოსავალია, ხალხს კი უნდა უთხრა ჰექტარზე რამდენია მოსავალი. სულ რამდენ ჰექტარზე იყო დათესილი და ვინ დგას ამ ჰექტრების უკან, რა მდგომარეობაა მეცხვარეობაში, ანაც სხვა სფეროებში. როცა ამას ვერ ეუბნები და ბრალდებებზე პასუხის გაცემაზე ხარ გადასული, არც ის უნდა გიკვირდეს, რომ ხალხმა არ იცის თუ რა ხდება ქვეყანაში.
თუ დააკვირდებით. ტელევიზიებისა და საერთოდ პრესის მდგომარეობა ძალიან გართულებულია. ჩვენში მიმდინარე ფულის რაოდენობა შემცირდა, ტვ-ებს გაუჭირდათ. მედიისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მედიაში წარმართული ფულის შემცირება. თანდათან ყალიბდება სატელევიზიო ბაზარიც. ჩვენ რომ იმ რაოდენობის ტელევიზიები არ გვჭირდება ახლა რომ გვაქვს, ნებისმიერი ადამიანი გეტყვით. ჩვენი ზომის ქვეყნებში, სლოვაკეთში, სერბეთში 2-3 არხი მუშაობს და ხალხიც მშვენივრადაა გათვითცნობიერებული. მედიაში, რომელიც ხელოვნურად იყო ეფექტური, ზედმეტი კაპიტალის შედინება მცირდება. ეს კაპიტალი თავისი პოზიციების დათმობას არ აპირებს. იმაში, რომ ტელევიზიები დღევანდელ ხელისუფლებას არ სწყალობენ, არის გარკვეული ობიექტური მარცვალიც. მე ვერ ვიტყვი, რომ ტვ-ები ხელისუფლებას ებრძვიან, მაგრამ მას რომ ღიად მხარს არც ერთი არ უჭერს, ასეც არ არის.
- პარლამენტმა მეორე მოსმენით ცვლილებები შეიტანა კანონში "ეროვნული ბანკის შესახებ." ამ ცვლილებებით ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოვიდეს. წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ქართულ მხარეს მოუწოდებდნენ არ მიეღო ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ იგი მაინც იქნა მიღებული. ოპოზიცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვითარებაში, როცა მსოფლიოში ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით ისედაც არასახარბიელო სიტუაციაა, შესაძლოა, საქართველოს პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეექმნას. თქვენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, ამიტომაც გკითხავთ - თქვენი აზრით, რამდენად დიდია ალბათობა, რაკი საქართველოს პარლამენტმა ამ ორგანიზაციების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფულად-საკრედიტო სისტემა საკმაოზე მეტად დაზარალდეს?
- ჩვენ არავითარი რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არ მიგვიღია. ესეც ისეთივე სიცრუეა, როგორც მტკიცება, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი მოხდა. ვინც ამ ორგანიზაციების მუშაობის სტილი და ხასიათი იცის, მან არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ამგვარი რამ გამორიცხულია. ისინი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იძლევიან რეკომენდაციებს. ისინი საშინაო პოლიტიკაში არ ერევიან, მაგრამ, თუ საქართველოში საერთაშორისო მონეტარული ოფისის ცალკეულ წარმომადგენელს შეეკითხები, მოგახსენებს მხოლოდ თავის აზრს და ეს აზრი კერძოა.საქართველოში ეკონომიკა დოლარიზებულია - დეპოზიტებზე 60% არის დოლარში, ლარი არის 40%. შესაბამისად, ფასების სისტემაში დოლარი დიდ როლს თამაშობს. ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუცია აპრიორი რომელ პოზიციაზე დგას - საერთაშორისო მონეტარული ფონდის განსაზღრულ პოზიციაზე თუ საქართველოს მიერ განსაზღრულ პოზიციაზე თუ აქ წინააღმდეგობა გამოჩნდა? იგი უნდა იყოს მაბალანსებელი და აქ არ უნდა იყოს წინააღმდეგობა. მაგრამ, პრაქტიკულად, ეროვნული ბანკი ის ინსტიტუციაა, რომელიც უფრო მეტად საერთაშორისო მონეტარული ფონდის ვალდებულებების აღმასრულებელია ჩვენთან, ვიდრე ჩვენი საკუთარი პოზიციებისა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე - ის კომერციული ბანკები, რომლებიც ჩვენთან, ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ფულით მოქმედებენ, მათი კონტროლი რატომ უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და რატომ არ უნდა ხორციელდებოდეს ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით?
ამ ბანკებმა, რაც არსებობენ, მოსპეს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი, სადაზღვევო სისტემა და ყველაფერი გააერთიანეს თავიანთ იურისდიქციაში და თავადვე არიან ყველაფრის განმსაზღვრელი. რატომ არ შეიძლება მათი მაკონტროლებელი იყოს წმინდა ეროვნულ საფუძველზე ორგანიზებული საქართველოს მაკროეკონომიკური ინტერესების გამომხატველი ინსტიტუცია? ამის წინააღმდეგი მონეტარული ფონდი იმ შემთხვევაში იქნება, თუ იგი ლართან მიმართებაში გარკვეულ საფრთხეებს დაინახავს. თუ ამას გავაკეთებთ ფრთხილად, მათთან თანამიმდევრული მუშაობით და მათი კონსულტაციებითაც, შესაძლოა, ეს მათ აინტერესებდეთ და აწყობდეც კიდეც. და იცით რატომ? მაგალითად, აშშ-ში ასეა. ევროპაში ასე არ არის იმიტომ, რომ იქ ერთიანი ვალუტაა და კერძო ბანკები ცოტა სხვა მდგომარეობაში არიან. ძალიან ბევრ ქვეყანაში ისეა, როგორიც ჩვენთან გადაწყდა საზედამხედველო სამსახურის საქმიანობა. მე საშიშროებას ვერ ვხედავ იდეაში, მაგრამ როგორ განხორციელდება იგი, ეს უკვე სხვა საქმეა და შესაძლოა, ბევრი პრობლემაც იყოს.
- არ ცხრება კამათი კონკურენციის სააგენტოს მიერ მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით. სააგენტომ 5 კომპანია ჯამში დაახლოებით 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებულები მომხდარს აპროტესტებენ და სააგენტოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ. ფაქტია, რომ ამ სფეროში ვითარება მარტივად სულაც არაა. მაშინ როცა მსოფლიოში ფასები ნავთობზე მნიშვნელოვნად ეცემა, საქართველოში მათზე ფასი ხშირ შემთხვევაში სიმბოლურადაც კი არ იკლებს. კონკურენციის სააგენტოს დასკვნა იმაზე მეტყველებს, რომ ნავთობის ომპორტიორების საქმიანობა აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ანუ, მონოპოლიები და კარტერული გარიგებები, რაზეც არჩევნებამდე ექსპრემიერი ივანიშვილი საუბრობდა, კვლავაც არსებობენ და არა მარტო ამ სფეროში, მაგალითად, იგივე ფარმაცევტულ სფეროშიც და მათ წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლა ეფექტურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. თქვენი აზრით, რატომ?
- საქმე იმაშია, რომ ინსტიტუციები არ შეცვლილა. ერთადერთი ახალი ინსტიტუცია გახლავთ ანტიმონოპოლიური სამსახური. მისმა შექმნამ უკვე შედეგი გამოიღო. ამ სამსახურის შექმნამ უკვე სხვა თვალით დაგვანახა კონკურენტული ბაზარი. ის ფაქტორები და არაფორმალური ინსტიტუციები, რომლებსაც შეეძლოთ კარტერული გარიგებები გაეკეთებინათ ცალკეულ პროდუქციაზე, მაგალითად ალკოჰოლზე, ფარმაცევტულ ნაწარმზე, ყავაზე, ან სარეცხ საშუალებებზე, ანდა იგივე შოკოლადის ბაზარზე - ამ სფეროებში ეს ნელ-ნელა შემცირდა. 2 წლის განმავლობაში ყავის ფასი საგრძნობლად დაეცა, შეიცვალა სარეცხი საშუალებების ფასებიც. მოსალოდნელია არყის ფასის კლება, რაც გამოიწვევს ქართული არყის ფასის ზრდას.ცუდი პიარის მიუხედავად, ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობამ თვალნათელი გახადა მონოპოლიებთან დაკავშირებული პრობლემები. მიმაჩნია, რომ ჩვენ ხელი უნდა შეუწყოთ ამ სამსახურის მუშაობას, რათა მათ ამ სფეროში აქტიურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. მათი ვალდებულება კარტერული გარიგებების მარტო გამოვლენა კი არ არის, არამედ ხელშეწყობა ცალკეული ფირმებისათვის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე გასვლას ცდილობენ. ანტიმონოპოლიური სამსახური საჭირო ინსტიტუციაა და თუ მას გამართული მუშაობის საშუალება მიეცა, იგი კარგ საქმეებს გააკეთებს.
- თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა უფრო ეფექტური იყოს?
- ჩემი აზრით, უნდა მოძებნოს მექანიზმები, რომლითაც იგი ხალხთან კონტაქტს დაამყარებს. ეს ეხება ელექტრონულ მედიას, ადგილობრივი ხელისუფლების გააქტიურებას და მათთან საგანმანათლებლო ჯგუფების შექმნას. ეს კარგი და აუცილებელია, მაგრამ, მთავარია უნდა მოიძებნოს მექანიზმები, რომ ეკონომიკურ პროცესში შესაძლებელი გახდეს საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.- სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლთან გასულ კვირას განვითარებული პროცესები, ჯერ ოსების მიერ ბანერის ავტომაგისტრალიდან 450 მეტრში დამონტაჟება, შემდეგ ქართველი ჟურნალისტების მიერ იმ ბანერის მოძრობა და ქართული დროშის დამაგრება, რომელიც შემდეგ ოსებმა მოხსნეს, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოგვიანებით, ხელისუფებამ ექსცესების თავიდან ასაცილებლად ამ ადგილებამდე მისასვლელი გზები გადაკეტა. ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის არასაკმარისად გაპროტესტებაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია ჩაატარა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს, საოკუპაციო ზოლში ბანერების დამონტაჟებაზე საზოგადოებისა და ხელისუფლების რეაქციას?
- საზოგადოება საკმაოდ აღშფოთდა, ვინაიდან ეს არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენა, ეს არ გახლდათ ადგილზე მხოლოდ ოფიცრების თავნებობა. ის რაც მოხდა, იყო რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის გამოვლენა, რასაც ყურადღება გაერომაც მიაქცია.ასეთი რამ არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვისაა ძალიან საშიში და საფრთხილო, ვინაიდან მსოფლიოში სტაბილურობის პრობლემას უკავშირდება. უკავშირდება ირანისათვის ემბარგოს მოხსნას, თურქმენეთის გაზის გატარების პერსპექტივას საქართველოზე, უკრაინაში საქართველოს გავლით ენერგორესურსების შეტანის პრობლემას. შეიძლება საქართველო ნავთობის მომხმარებელი ქვეყნიდან გადაიქცეს ნავთობის ბაზრის ცენტრად. ეს რუსეთის ეკონომიკისთვის ძალიან ძლიერი დარტყმა იქნება. რუსეთი ყველაფერს აკეთებს მსოფლიოს დაანახოს, რომ მისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში ძლიერია. სურვალეთში მოქმედებით რუსეთმა იმაზე მიუთითა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე პრეტენზიები მესამე სუბიექტს, სამხრეთ ოსეთსაც აქვს. რუსეთი ამ პროცესში პოლიტიკურად ერევა. მან ამჯერად ასპარეზზე სამხრეთ ოსეთი გამოიყვანა. ეს ძალიან სახიფათო და საშიშია. ამიტომ, როცა ასეთი პრობლემების წინაშე ვდგავართ, დიდი სიფრთხილე გვმართებს.
- თქვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში ჩვენი მხრიდან საზოგადოებისა და ხელისუფლების როგორი მოქმედება შეიძლება ყოფილიყო ეფექტური და მომგებიანი?
- ფაქტია, რომ ხელისუფლება მუშაობს რისკებზე, განსაზღვრავს ამ რისკებს და რაც მთავარია იღებს მთელ პასუხიმგებლობას თავის თავზე. ამიტომ, ჩემი აზრით, საზოგადოება კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლების მოქმედებას გაგებით უნდა შეხვდეს და ხელისუფლებას წინ არ უნდა გაუსწროს. არ უნდა დაუწყოს კარნახი, არ უნდა დაუყენოს იძულებითი პირობები, თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ასე და ისე ვიზამთო. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ საზოგადოება სამოქალაქო მოწიფულობას გამოიჩენს და ხელისუფლება და საზოგადოება საოკუპაციო ზოლში შეთანხმებულად იმოქმედებენ.კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"