"მარგის" დირექტორი - საბაჟოზე ფქვილის შემოტანის დროს არსებული პრობლემები ამ ეტაპზე მოხსნილია

შპს "მარგის" დირექტორი ნუგზარ ღონიაშვილის განცხადებით, საბაჟოზე ფქვილის შემოტანის დროს არსებული პრობლემები ამ ეტაპზე მოხსნილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონიაშვილმა განუცხადა, დაახლოებით, 2 თვის წინ ფქვილის იმპორტის პრობლემები მასაც შეექმნა.

"ბოლო პერიოდში ეს პრობლემა, როგორც ჩანს, მოგვარდა. არ ვიცი, რამდენი ხნით, თუმცა ამ ეტაპზე, როდესაც ბოლო პარტიები შემოგვივიდა, ის პრობლემები, რაც საბაჟოზე 1-2 თვის წინ არსებობდა, აღარ იყო", - განაცხადა ღონიაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც შეფერხება იყო, მან წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, ასევე შეხვედრა ჰქონდა ბიზნესომბუდსმენთან.

"ამის შემდეგ თითონაც დამიკავშირდნენ. როგორც ჩანს, საკითხი დააყენეს, სადაც საჭირო იყო და გარკვეული ხნის შემდგე მითხრეს, რომ ის პრობლემები, რაზეც საუბრობდით, საბაჟოზე აღარ იქნებაო. ამის შემდეგი პარტიის იმპორტის დროს დავინახე, რომ ამ ეტაპზე პრობლემა აღარ იდგა. თუ ეს გრძელვადიანად მოგვარდა, მოხარული ვიქნები. ასეთ შემთხვევაში ველოდები, რომ ფქვილის ფასები ნელ-ნელა გაუმჯობესდება. პურის ფასში სხვა ფაქტორებთან, მათ შორის, ელექტროენერგიასთან ერთად, ძირითადი ფქვილია. ცალსახა პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ ეს პრობლემა იქნება გადაწყვეტილი, ანუ საბაჟოზე შეფერხებები აღარ შეიქმნა, იმედი მაქვს, რომ ფქვილის ფასი დაიწევს და შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ხელმშემწყობი იქნება, რომ პურის ფასიც შენარჩუნდეს", - განაცხადა ღონიაშვილმა.

"მარგის" დირექტორი ვარაუდობს, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბალი არ გაძვირდა, ამ შემთხვევაში ფქვილის ფასი 40-41 ლარი იქნება.

კითხვაზე - რამ გამოწვია შეფერხებები საბაჟოზე, ღონიაშვილის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში პურის ფქვილის ხარისხის გადამოწმება ხდებოდა. მათ კი ლაბორატორიულ კვლევებისთვის ხანგრძლივი ვადები აქვთ, თითქმის ერთ თვემდე, შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ხარჯები იზრდებოდა.

რაც შეეხება "იფქლის" ხელმძღვანელის შაქრო ბაკურაძის განცხადებას, რომ საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ, "მარგის" დირექტორი უარყოფს და აცხადებს, რომ ფქვილი ერთ კომპანიას ნამდვილად არ შემოაქვს.

"ელემენტარულად იმ მწარმოებელს, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს ფქვილი, საქართველოში კიდევ ორი დილერი ჰყავს, ანუ სამ კომპანიას ერთი მწარმოებლისგან შემოგვაქვს", - განაცხადა ღონიაშვილმა.

თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" "იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ განუცხადა, რომელიც ეჭვობს, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ.

როგორც შაქო ბაკურაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა და მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა.

მისი თქმით, ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.

როგორც "იფქლის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა