კოკი ოსიპოვი - სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეთანხმებოდნენ, რომ არასამართლიან ფასად ფქვილი არ უნდა შემოდიოდეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეთანხმებოდნენ, რომ არასამართლიან ფასად ფქვილი არ უნდა შემოდიოდეს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" "აგრიკომის" ხელმძღვანელმა კოკი ოსიპოვმა განუცხადა.

"ფქვილის ბიზნესი ევოლუციურად გამსხვილდა. საქართველოში 55 წისქვილი ფუნქციონირებდა, 2008 წელს მათი რაოდენობა 35-მდე შემცირდა, 2015 წლის მონაცემებით კი 11 წისქვილი მუშაობს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამ ბაზარზე 3-4 დიდი მოთამაშეც საკმარისია და რამდენიმე წელიწადში, ალბათ, აქამდეც მივალთ. სხვათა შორის, 11 სუბიექტიდან ორი "კარმენს" უჭირავს, ანუ დღეს ამ ბიზნესში, ფაქტობრივად, ცხრა კომპანია ოპერირებს", - განაცხადა ოსიპოვმა.

მისივე თქმით, წელს "კარმენი" გაცილებით პასიურია. ადრე ბაზრის 50-60%-ს ითვისებდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობა მინიმუმ ორჯერ შეამცირა.

"ეს ჩემი დამსახურებაა მხოლოდ იმ მხრივ, რომ სხვა გადარჩენილი კომპანიების სოლიდარული ვარ. ანტიმონოპოლიური სააგენტოს შექმნის შემდეგ "კარმენმა" რატომღაც თვითრეგულაცია დაიწყო, არადა, არავის დაუჯარიმებია, უბრალოდ, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მისი საქმიანობის შესწავლა დაიწყო", - განაცხადა ოსიპოვმა და აღნიშნა, რომ "კარმენმა" "გლობალაგროს" (საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია) უჩივლა, რადგან ასოციაციის ყრილობებზე ფასის შეთანხმებას მთხოვდაო.

კითხვაზე - "კარმენსა" და ფქვილის მწარმოებლებთან ბრძოლაში თავად ჩამოყალიბდა ხორბლის შემომტან უმსხვილეს კომპანიად, ოსიპოვმა აღნიშნა, ხორბალი სხვა კომპანიებსაც შემოაქვთ, თუმცა მის კომპანიას ბაზრის მეოთხედი უკავია.

"დღესაც ფოთის პორტის მონაცემებში ნათლად ჩანს, რომ ხორბალს სხვა კომპანიებიც ელოდებიან, მათ შორის, "კარმენიც". მოვიდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში გემების შემოსვლას ზღუდავენ, მაგრამ ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სხვათა შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ, შპს "პროგრესის" ვაგონები, რომელმაც ჩემგან ხორბალი იყიდა და გემი ფოთში დაცალა, სამტრედიაში გააჩერეს, ნიმუშები უნდა ავიღოთო. "კვირის პალიტრაში" გასული მასალის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა პორტთან არსებული ჩვენი ელევატორებიდანაც აიღო ხორბლის ნიმუშები. მანამდე, ივნისიდან, ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, არ შევუმოწმებივართ", - განაცხადა ოსიპოვმა.

მისივე თქმით, ხარისხზე რეგულაცია ყოველთვის იყო, წელიწადში ერთხელ უვნებლობის სამსახური ყველას ამოწმებს, მაგრამ კონტროლის გამკაცრების შემდეგ ის არავის შეუმოწმებია.

კითხვაზე - იცნობს თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, დავით გალეგაშვილს, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ("ზარალა") ერთად, ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს კურირებს, ოსიპოვის თქმით, გალეგაშვილი ერთ-ერთი დიდი წისქვილის, "რუსთავის პროგრესის", დირექტორი იყო.

"ეს წისქვილი ბაზარზე დღესაც წარმატებით ოპერირებს. გალეგაშვილი ფქვილის მწარმოებლების ასოციაციის წევრიც იყო. ის ჩემგან ხორბალს ყიდულობდა და შესაძლოა, ამ ბიზნესს ამის გამო უკავშირებენ. საქმიანი ურთიერთობა ნამდვილად გვქონდა, თუმცა როცა სოფლის მეურნეობის­ მინისტრის მოადგილე გახდა, ბიზნესთან კავშირი გაწყვიტა. გიორგი­ რამიშვილს კი "აგრიკომთან" კავშირი ლოკალურ ბაზარზე არა აქვს. მომავალში გადაწყდება, აპირებს თუ არა ის ხორბლის გაყიდვას. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ", - განაცხადა ოსიპოვმა.

როგორც ოსიპოვმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრს არასდროს შეხვედრია, ამის საჭიროება არ შექმნია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად მართავს შეხვედრებს.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად ვმართავ შეხვედრებს ორ საკითხზე: არასამართლიან ფასად ფქვილის იმპორტის შეზღუდვასა და ასევე იმ საკითხზე, რომ ერთი კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, ანუ ადრე "კარმენთან" დაკავშირებითაც ვხვდებოდი. მე ეს ორი მთავარი პრობლემა მაქვს. როგორც კი არასამართლიან ფასად იმპორტირებული ფქვილი შემოვა, ადგილობრივი წარმოება დაინგრევა. მეც ბაზარზე ოპერირებას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან მომხმარებელი არ მეყოლება", - განაცხადა ოსიპოვმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოება ვერ იქნება ძლიერი, თუ რუსული ფქვილი არასამართლიან ფასად შემოვა, მაშინ ოსიპოვის განცხადებით, ისიც ფქვილით ვაჭრობაზე უნდა გადავიდეს.

მისივე თქმით, სამინისტროში ეთანხმებოდნენ, რომ არასამართლიან ფასად ფქვილი არ უნდა შემოდიოდეს, "ეს პოზიცია სოფლის მეურნეობას ნამდვილად აქვს".

იხილეთ ბმული: ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ (ექსკლუზივი)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა