ჯონდი ბაღათურია - დენის ტარიფთან დაკავშირებით, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს

"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და თავისი უფლებები დაიცვას, - ამის შესახებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი კომპონენტების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც "ქართული დასის" ლიდერმა აღნიშნა, დაინტერესება არის იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში სამომხმარებლო ტარიფი 6 თეთრით გაიზარდოს. მისივე თქმით, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"ახლა ცდილობენ, რომ ეს როგორმე დაასაბუთონ, თუმცა ამას ვერ ასაბუთებენ. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე დრო გავწელო. თბილისელები დაბრუნდნენ თბილისში, გამოვინენ ქუჩაში და დაიცვან თავისი უფლებები. ტარიფის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ნულთეთრიანი სოციალური გაზის გაყიდვა ხდება და მილიარდობით ლარი მოსახლეობის ხარჯზე თანამდებობის პირების ჯიბეებში მიედინება.

"ამას სჭირდება ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ტრანსპარანტებით, დროშებით, ხელკეტებით, კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქტიური და ენერგიული. მე ვიქნები ამ მოძრაობის სათავეში და ერთ-ერთი ორგანიზატორი, თუ თბილისელები ინებებენ, ქუჩაში გამოვლენ და ასე დაიცავენ თავიანთ უფლებებს", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

"თელასის" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, სემეკს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს.

დღევანდელ განხილვაზე სემეკმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია "თელასს" სავარაუდო შესყიდვის ფასი განუსაზღვრა 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კვტ-სტ-ზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს