სემეკ-ში აცხადებენ, რომ  ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში დაახლოებით 6-თეთრიანი მატება ტარიფზე პირდაპირ არ აისახება

ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში დაახლოებით 6-თეთრიანი მატება სამომხმარებლო ტარიფზე პირდაპირ არ აისახება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სემეკის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა, რომელმაც განმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ საჯარო განხილვისას წარმოდგენილი სამუშაო ვარიანტი, რომლის თანახმადაც, სემეკმა "თელასს" ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით 11.173 თეთრით განუსაზღვრა 1 კვტ.სთ-ზე.

გოჩა შონიას თქმით, ეს არის სამუშაო ვარიანტი. მისივე თქმით, სამომხმარებლო ვარიანტი 4 კომპონენტისგან შედგება, ეს არის: შესყიდვის კომპონენტი, საოპერაციო დანახარჯები, ნორმატიული დანახარჯები და კაპიტალური დანახარჯები.

"რომელიღაც კომპონენტებში იზრდება, რომელიღაცაში - მცირდება. შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფი მათი ჯამი იქნება. რეალურად შესყიდვის კომპონენტი კი იზრდება დაახლოებით 6 თეთრით, მაგრამ სხვა კომპონენტებში მცირდება. კერძოდ, საოპერაციო ხარჯები შევამცირეთ. "თელასმა" 70 მილიონი მოითხოვა, მაგრამ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სამუშაო ვარიანტში გაწერილი იყო 57 მილიონი. ასევე ნორმატიული დანაკარგები ჰქონდათ 12,4 პროცენტი და ჩამოვიდა 5 პროცენტზე და ა.შ. როგორი იქნება საბოლოო ტარიფი და როგორ დაჯამდება ის, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე იქნება მიღებული. ასე, რომ 6-თეთრიანი მატება შესყიდვის ნაწილში სამომხმარებლო ტარიფზე პირდაპირ არ აისახება", - განაცხადა შონიამ.

თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, სემეკს გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს