დავით უსუფაშვილი - ჩვენ არ გვინდა, რომ "მაპ"-ის თემა პოლიტიკური თემა გახდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "მაპი" არ უნდა გახდეს პოლიტიკური თემა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"მე ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენე, რომ ჩვენ არ გვინდა, "მაპ"-ის თემა გახდეს პოლიტიკური თემა, რადგან "მაპ"-ი არის ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელზეც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იყო ლაპარაკი. მაგრამ პოლიტიკურად იქ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ანუ, პოლიტიკურ ნაწილში იყო და რჩება სრული მკაფიოობა. მაგრამ ეს ტექნიკური ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი ნატოს შტაბ-ბინასთანაც, მის ხელმძღვანელებთანაც და წევრ სახელმწიფოებთანაც, რომ ეს საკითხი არ იქცეს რაიმე ტიპის დაბრკოლებად. ვინაიდან ყველა განწყობილია იმისკენ, რომ ეს არ არის დაბრკოლება და თუ არ არის დაბრკოლება, მოდი, ძალიან მარტივად მოვაგვაროთ ეს ამბავი უახლოეს თვეებში, ვარშავის სამიტამდე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება არა "მაპი", არამედ წევრობა. "ჩვენ რაც არ გვჭირდება, ეს არის რაიმე ტიპის დაბრკოლება. მას "მაპი" ერქმევა თუ რაიმე სხვა სახელი, ჩვენ დაბრკოლებები უნდა მოვხსნათ. დღეს ამ საკითხში ვინაიდან სიცხადეა შესატანი, ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან, თავად ნატო-ს სათავო ოფისიდან, შევიტანოთ სიცხადე, რომ აღარ იყოს სპეკულაციების საგანი. ის ინსტრუმენტები, რაც დღეს საქართველოს აქვს, არის უნიკალური ინსტრუმენტები უელსის სამიტის შემდეგ. ღონისძიებების პაკეტი, მათ შორის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა, ეს უკვე იმ ტიპის ინსტრუმენტებია, რომლებიც პროცესს პრაქტიკულად შეუქცევადს ხდიან. ვინაიდან ეს ასეა, მოდი ამას დავარქვათ თავისი სახელი. "მაპი", "მაპის" გარეშე, "მაპის" ამოღებით, დამატებით... ამ დეტალებზე და ფორმულირებებზე ჩვენ შევჯერდებით. რაც მთავარია, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ჩვენი ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ემსახურება მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში და არა რაიმეს პირიქით. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ეს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს