ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად შეიქმნება

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ფარგლებში ახალი ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად შეიქმნება.

ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნის ცერემონია გუშინ კრწანისის ეროვნული-სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა, თუმცა ახალი შენობა-ნაგებობები აშენებული არ არის.

როგორც გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განმარტა, ამ დრომდე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, გასუფთავდა ტერიტორიები მშენებლობისთვის, ასევე გაკეთდა ტანკოდრომი. ამასთან, კაპანაძის თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი სასწავლო წერტილების ერთგვარი ქსელი იქნება, რომელიც კრწანისის ეროვნული ცენტრის გარდა, ვაზიანის პოლიგონსა და საჩხერის სამხედრო ბაზას მოიცავს.

"ახალი შენობები იქნება კრწანისშიც, ვაზიანშიც. ჩვენ ცენტრი აქ გავხსენით იმიტომ, რომ არ შევფერხდეთ და დავიწყოთ უკვე სწავლებები, რისი შესაძლებლობაც აქვს ეროვნულ სასწავლო ცენტრს. შემდეგ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმნით იმ აუცილებელ ინფრასტრუქტურას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას წაეხმარება. ვაზიანის პოლიგონი მთლიანად იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ შესაბამისი ნაგებობები აშენდება, პოლიგონსაც დასჭირდება რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, საჩხერის ბაზა ორგანულად შევა ამ სასწავლო ცენტრში. ეს იქნება სასწავლო წერტილების ქსელი. ამ დრომე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, ტანკოდრომი გაკეთდა, მოეწყო, გასუფთავდა ტერიტორიები მშენებლობისთვის. ჩვენ ადგილზე არ ვდგავართ და მუდმივად ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს, რათა როცა დავიწყებთ მუშაობას, გაადვილდეს ეს სამუშაოები", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ და დასძინა, რომ დეგეგმილია სიმულაციური ცენტრების, პოლიგონების, სასროლეთის გაკეთება და უკვე არსებულის გათანამედროვება.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრში სწავლებები მომავალი წლიდან დაიწყება. "მომავალი წლიდან ამ ცენტრის სტატუსით სწავლებები აუცილებლად ჩატარდება. ამავე დროს, ახლა უკვე ვიწყებთ მუშაობას მომავალი წლის სასწავლო გეგმაზე. ვინაიდან ეს არის ნატო-ს სასწავლო ცენტრი და აქ მარტო ქართველები არ გაივლიან მომზადებას, უნდა ვიმუშაოთ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ნატო-ს დაგეგმარების კომიტეტთან, რათა გეგმა დავსახოთ", - აღნიშნა კაპანაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის სწავლებები ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, საუბარია საომარი მოქმედებების სწავლებების სრულ სპექტრზე, რაც გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც შეიძლება დანაყოფმა ან ინდივიდუალურმა სამხედრო მოსამსახურემ ბრძოლის ველზე განახორციელოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა