ეკა ბესელია პედრო აგრამუნტს არაობიექტურობაში ადანაშაულებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია რეზოლუციის ავტორს პედრო აგრამუნტს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

როგორც ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესაზე, რეზოლუციის მიღებამდე განაცხადა, არ შეიძლება პირადი სიმპათიით აიგოს რეზოლუციის ტექსტი.

"ბატონი აგრამუნდი, მის მიერ მომზადებულ არაობიექტურ რეზოლუციის პროექტში ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები, ყოფილი სახელისუფლებო პარტიიდან, ნაცმოძრაობიდან უნდა იყვნენ კანონზე მაღლა! ბატონი აგრამუნდი მიიჩნევს, რომ ვინც აწამებდა და ადამიანს კლავდა, ისინი არ უნდა მიეცნენ სამართალში! ეს მიდგომა მიუღებელია ევროპის საბჭოსთვის და არ შეიძლება პირადი სიმპათიებით აიგოს რეზოლუციის ტექსტი. ეს შელახავს ევროპის საბჭოს იმიჯს ჩვენი მოსახლეობის თვალში. საქართველოს სასამართლო დღეს დამოუკიდებელია პირველად 2012 წლის შემდეგ და მინდა მოგიწოდოთ, პატივი ვცეთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს და შევასწოროთ ის რეზოლუციის პროექტი, სადაც ბევრი შეცდომა და არასწორი ფაქტია შეტანილი", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის და უნდა იყოს ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვის სადარაჯოზე. "ჩვენი ასამბლეა უნდა იცავდეს პრინციპებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველომ 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქართველმა ხალხმა შეცვალა სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი, დაიწყო ევროპის საბჭოს, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება (მათ შორის გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ). ჩატარდა ახალი გამოძიება და სამართალში მიეცნენ ის ადამიანები, ვინც უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს. საქართველოში 2012 წლიდან წინასწარი პატიმრობა შემცირდა 34%-თ, პატიმართა რაოდენობა შემცირდა 60%-ით. ქვეყანამ მიიღო ახალი, ჰუმანური კანონები და წინასწარი პატიმრობა თავად მოსამრთლის ინიციატივით გადაისინჯება ყოველ 2 თვეში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წელს, 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ წინასწარი პატიმრობა იქნება მხოლოდ 9 თვე. დღეს საქართველოს ციხეებში აღარ აწამებენ პატიმრებს, როგორც ეს ხდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს", - განაცხადა ბესელიამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.

საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის თანახმად, დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)". დოკუმენტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება". ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობა (შესაძლებლობა გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება". წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით".

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან ფორუმ-სჰოპპინგ-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს