სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატები იკრიბებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სასტუმროში იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი - რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი.
საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს. როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა, იმისთვის, რომ ყრილობა შედგეს, საჭიროა ქვორუმის არსებობა, ანუ - აუცილებელია, დელეგატთა რაოდენობა შეადგენდეს 50%+1-ს.
დიმტირი ბოკერიას თქმით, წესდება არ ითვალისწინებს, რომ რომელიმე დელეგატის არყოფნის გამო არჩევნები არ შედგეს.
ამასთან, ამ დრომდე დაკავებულია ერთ-ერთი დელეგატიო გეგა გობეჯიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, დღევანდელ ყრილობას ვერ დაესწრება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.