თამარ ხიდაშელი მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას ირმა ინაშვილის შტაბს აკისრებს

საგარეჯოში, კერძოდ, გიორგიწმინდის #20 უბანში მომხდარ ინციდენტში პასუხისმგებლობა ირმა ინაშვილის შტაბს ეკისრება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გიორგიწმინდის #20 უბანზე მომხდარი დაპირისპირება ინაშვილის მხარდამჭერების პროვოკაცია იყო. კერძოდ, თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, ინაშვილის მხარდამჭერები ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდნენ და ძალადობა დაიწყეს.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილეობდა სოფლის გამგებელი გიორგი ჭიაბერაშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე წაიყვანეს, თამარ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას მისი შტაბი უახლოეს პერიოდში მიიღებს.

რაც შეეხება გამგებლის დაკითხვაზე წაყვანას, ხიდაშელი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"ძალიან კარგია, თუკი პირები გადაიყვანეს დაკითხვაზე, ვიმედოვნებთ, დაზუსტებული ინფორმაცია სამართალდამცველი უწყებიდან უახლოეს პერიოდში გვექნება, მომხდარი ინციდენტის შესახებ. თუმცა, ფაქტია ის, რომ #20 უბანზე ქალბატონი ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები ნასვამ მდგომარეობაში მივიდნენ და სიტუაციის დაძაბვას ცდილობდნენ. იმ მდგომარეობაზე, რაც შეიქმნა, პასუხისმგებლობა ინაშვილის შტაბს ეკისრება", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მისი თქმით, ინციდენტი მოხდა დილის საათებში იორმუღანლოს ზონაშიც. თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენელი, მუბარის მამედოვი უბანზე შეიჭრა და ყვიროდა, რა დროსაც ხელს უშლიდა საარჩევნო კომისიას მუშაობაში.

"ეს მოხდა დაახლოებით 09:40 საათზე. მან მითითების შემდეგ უბანი დატოვა", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

რაც შეეხება ზოგადად არსებულ ვითარებას, ხიდაშელის განცხადებით, ხმის მიცემის პროცედურა საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აქტივობა, როგორც მოსალოდნელი იყო, შუალედური არჩევნებისთვის დაბალია, თუმცა აქტივობის გაზრდა დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ უპირატესობას ჩვენ ვფლობთ", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მომდევნო ბრიფინგს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი 17.30 საათზე გამართავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს