ლიტერატურული კონკურსის, "წეროს" გამარჯვებულები 11 დეკემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გამოვლინდებიან.
როგორც "ინტერპრესნნიუსს" საქართველოს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე სამინისტროს რჩეულს გამოავლენს, რომელსაც საჩუქრად სიგელსა და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნებს გადასცემს.
ლიტერატურული კონკურსი "წერო", ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.
"წერო" ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 455 საკონკურსო ნაწარმოებიდან ექვსი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ანა ჭაბაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია) 16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე საშუალება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ.
11 დეკემბერს მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება:
პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია "წერო" და 4000 ლარი;
მეორე პრემია: 2000 ლარი;
მესამე პრემია: 1000 ლარი;
საღამოზე ასევე დაჯილდოვდებიან ჟიურის რჩეული, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული და ყველაზე აქტიური მკითხველები, რომელთაც სპეციალურ პრიზებს Lიტ.გე და ფარმაცევტული კომპანია GPC გადასცემს.
სხვადასხვა დროს "წეროს" გამარჯვებულები არიან:
2006წ. – ვანო ჩხიკვაძე (პროზა)
2007წ. – ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია)
2007წ. – ბაჩო კვირტია (პროზა)
2008წ. – დიანა ანფიმიადი (პოეზია)
2008წ. – ირმა ტაველიძე (პროზა)
2011წ. – მარი ბექაური (პროზა)
2013წ. – ნათია როსტიაშვილი (პროზა)
2014წ. – ლია ლიქოკელი (პროზა)