საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველო ახალგაზრდებისთვის მორიგ უფასო სასწავლო კურსს იწყებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სააგენტოდან აცნობეს, კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას.
"ამ მიზნით სააგენტო ახალგაზრდებს უკვე მეორე სასწავლო კურსს სთავაზობს. პირველი მათგანი - "კიბერ კლასი" წარმატებით დასრულდა და კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. მეორე სასწავლო კურსი კი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან მიმართულებას - ორგანიზაციაში მართვის სრულყოფილი სისტემების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას ეძღვნება. კურსი დამწყებ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია, თუ რა როლი ენიჭებათ მართვის სისტემებს ორგანიზაციის მართვაში და კერძოდ, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - აცხადებენ სააგენტოში.
თავად "მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" თავმჯდომარის, ირაკლი გვენეტაძის თქმით, ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"ორგანიზაცია, რომელშიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მართვის სისტემები, მდგრადია როგორც კიბერ, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით. სასწავლო კურსის "ორგანიზაცია და მართვის სისტემები" მიზანია, დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააცნოს მართვის სისტემების მნიშვნელობა ორგანიზაციაში და გაუზიაროს მათ სააგენტოში ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნა", - განმარტავს ირაკლი გვენეტაძე.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, კურსის გავლით მსმენელები გამოიმუშავებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შემდეგი მიმართულებებით - ორგანიზაცია და ორგანიზაციული კონტექსტის ანალიზი, მმართველობა და მართვა, პროცესის რაობა, ტექნოლოგიები და ინფორმაციული სისტემები, ორგანიზაციის განვითარების დონეები, მუდმივი გაუმჯობესება, როლები და პასუხისმგებლობები, რესურსები, კომუნიკაცია, დოკუმენტაცია, მართვის სისტემები და მათი დანიშნულება.
"უფასო კურსზე დამსწრეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს - ბიზნესის და/ან ორგანიზაციული მენეჯმენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები და/ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვა; სამართალმცოდნეობა.
სრული კურსი მოიცავს 6 სასწავლო კვირას. კვირაში გათვალისწინებულია ერთი 2-3 საათიანი ლექცია. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ", - აღნიშნავენ სააგენტოში.