ადვოკატი - ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ დნმ-ის ნიმუშის აღებაზე გაყალბების მოტივით თქვეს უარი

პროკურატურა დნმ-ის გაყალბებას გეგმავს და სწორედ ამ მოტივით თქვეს უარი ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ ნიმუშის აღებაზე, - ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ცააძისა და ფირცხალავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.

მან მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან დნმ-ს ანალიზზე უარის მიზეზი განმარტა.

"ისინი უნდობლობას უცხადებენ პროკურატურას იმ მოტივით, რომ "კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე, რომელზეც მსჯავრდებულები არიან, მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და ყალბი მოწმეების დაკითხვა სასამართლოზე. მეორე მიზეზი, რატომაც უარი თქვეს, არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ მას მთავარი მტკიცებულება - დნმ გაუყალბეს", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურორი ფირცხალავასთან შევიდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, რაც ასევე ეჭვებს ბადებს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, პროკურორი, რომელიც ფირცხალავასთან იმყოფებოდა, ციხეში შეუშვეს აკრძალული ნივთებით, რაც პრივილეგიას წარმოადგენს.

"უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი დნმ-ს ნიმუშის აღებაზე, ფირცხალავას მხრიდან არის ისიც, რომ პროკურორმა მას არ განუმარტა, რისთვის ჭირდებოდა ნიმუში და რისთვის უნდა შეედარებინათ ის", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, პროკურატურა გეგმავს ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუში შეადაროს იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე, სოსანაშვილის გარდა აღმოჩენილ კიდევ ერთ დნმ-ის ნიმუშს ფალიაზე.

"თუკი ასეა, იური ვაზაგაშვილის აფეთქებიდან ძალიან მალე, დაიწყეს საუბარი, რომ ეს დანაშაული უკავშირდებოდა ირაკლი ფირცხალავას. მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუკი ფირცხალავა იმ პერიოდში მხოლოდ დაკითხეს, რატომ არ მოხდა მისთვის მაშინვე დნმ-ის ანალიზის აღება. ეს მოითხოვეს ახლა, მას შემდეგ, რაც დაიწყო სააპელაციო განხილვები "კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურას ძალიან მარტივად შეუძლია ფირცხალავასა და ცააძის შემთხვევაში გააყალბოს დნმ და ეს რომ გამოირიცხოს, ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მას უნდა ჩაბარდეს გასული წლის იანვარში აფეთქების ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუშის კოდი.

"კოდის ჩაბარება პროკურატურას არ სურს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა პროკურორებს განუცხადეს, რომ მათ ოფიციალურად მიმართონ დნმ-ის ნიმუშის აღებაზე სასამართლოს. თუკი სასამართლო გამოსცემს განჩინებას ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩააბარონ თუ არა ნიმუში. გარდა ამისა, ძალიან მარტივია მათი დნმ-ის ნიმუშის მოპოვება იმ პირობებში, როდესაც პროკურორი აკრძალული ნივთებით შედის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას შეუძლია "სიგარეტის ბიჩოკისგან" გამოიტანოს დნმ-ის ნიმუში", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს გიორგი ცააძის დამ ირინა ცააძემ და ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.

ფირცხალავას მეუღლის განცხადებით, ის რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეში ფირცხალავას წვლილი არ მიუძღვის, პროკურატურისთვის დიდი ხანია ცნობილია, რადგან ფირცხალავა ამ პერიოდში თბილისიდან არ გასულა და შესაბამისად, აფეთქების ადგილას მისი დნმ-ის კვალი ვერ იქნება აღმოჩენილი.

ირინა ცააძემ კი პრესკონფერენციაზე წარმოადგინა რამდენიმე პირის ფოტოსურათი, რომელზეც, მისი თქმით, გამოსახულები არიან, იური და ზურაბ ვაზაგაშვილების "ნაწამები და მოკლული ადამიანები".

"ჩვენთვის უკვე ყველაფერი ნათელია, რატომ ისჯებიან ჩემი ძმა და ირაკლი ფირცხალავა, რომლებიც იყვნენ პოლიციელები. იური ვაზაგაშვილს კი, რომელიც ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი, ასევე მის შვილს, რომელსაც ადამიანების წამება და მოკვლა ედება ბრალად, ძეგლებს უდგამენ. იური ვაზაგაშვილი ხომ იუსტიციის მინისტრის მრჩეველიც იყო. პოლიციაში კი მათი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ არაერთი საქმე დევს, რომელიც გამოძიებული არ არის. გარდა ამისა, 2015 წლის ზაფხულში თეთრიწყაროს რაიონში სერგო ბექაური სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში ჩაცხრილეს ამ ხელისუფლების სპეცრაზმელებმა. ბიჭი სახლიდან არ გამოდიოდა და ჩაცხრილეს. სერგო ბექაურის სპეცოპერაცია სპეცოპერაციაა და კორტების სპეცოპერაცია მკვლელობა? - ამაზე მიპასუხონ", - განაცხადა ირინა ცააძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო