"ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" მორიგი აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში გამომცემლობა "პალიტრა L" - მა თინეიჯერებს ამჯერად კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა. როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა ხვიჩა ჯღუთაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, "ლიბერთინსმა" წიგნის პრეზენტაციას, ტრადიციულად აქცია მიუძღვნა, რომელიც თავისი მასშტაბით განსაკუთრებულია. თინეიჯერ მკითხველს კი New York Times - ის ბესთსელერი შესთავაზა.
"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან აქცია ერთდროულად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში მიმდინარეობს. რაც შეეხება წიგნს, "შერჩევა" New York Times - ის ბესთსელერია, გაყიდულია, დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და ნათარგმნია 30 ენაზე. გვინდოდა, ჩვენი თინეიჯერებისთვისაც გაგვეკეთებინა ეს საჩუქარი", - განაცხადა ხვიჩა ჯღუთაშვილმა.
"ლიბერთინსის" წევრმა ლევან ჭყონიამ წიგნი შეაფასა და თინეიჯერებს მისი წაკითხვა ურჩია: "წიგნი დინამიურია, სწრაფად ვითარდება მოვლენები. ისეთი ენით წერია, ვერ მოწყდები".
თინეიჯერებმა, რომლებმაც კირა კასის "შერჩევა" აქციის ფარგლებში შეიძინეს, "ინტერპრესნიუსთან" საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს:
"მე ხშირად დავდივარ წიგნის მაღაზიებში, ძალიან მიყვარს კითხვა, მომწონს ეს აქცია, მკითხველებისთვის კარგი აქციაა", - აღნიშნა ნინო კიკვაძემ.
"კითხვა ძალიან მიყვარს. მეგობრებთან ერთად მოვედი, ამ წიგნის მოკლე შინაარსი "ფეისბუქზე" წავიკითხე და მომეწონა. ამიტომ წიგნის შეძენა გადავწყვიტე", - აღნიშნა სოფო კინწურაშვილმა.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერის, ხვიჩა ჯღუთაშვილის ინფორმაციით, "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში გამოსული შემდეგი წიგნი "მეხუთე ტალღა" იქნება. მისივე თქმით, ამ წიგნის ეკრანიაზაცია ახლახანს იყო საქართველოს კონოთეატრებში და მკითხველიც მალე შეძლებს ეს წიგნი წაიკითხოს.