მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი აცხადებს, რომ სერგო თეთრაძის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი, დაწინაურდა და 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განუცხადა, არ ახსოვს, მოუწოდა თუ არა პროკურატურას თეთრაძის და მასთან ერთად ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების გამოძიებისკენ.
"თუ რომელიმე ბრალდებულს სახეზე ჰქონდა რაიმე დაზიანება, რა უნდა ექნა მოსამართლეს? არაფერი. გამოძიება უნდა დაეწყო ბრალდების მხარეს, მოსამართლე გამოძიებას ვერ დაიწყებდა", - განაცხადა გოგინაშვილმა და განმარტა, რომ კანონიერი იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მან აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა სერგო თეთრაძეს და მასთან ერთად დაკავებულებს.
შეკითხვაზე, მოუწოდა თუ არა მოსამართლემ ბრალდებულების სხეულზე დაზიანებების გამოძებისკენ პროკურატურას, გოგინაშვილმა აღნიშნა, რომ არ ახსოვს.
"ალბათ მოვუწოდე, ან არ მოვუწოდე. არ ვიცი დაფიქსირდა თუ არა და ჩანდა თუ არა დაზიანებები. მე ვიყავი თეთრაძის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომის მოსამართლე და არა არსებითი განხილვის. სულ რაღაც ერთსაათიანი შეხება მქონდა ამ ბრალდებულთან. ჩემი ვიზუალური დაკვირვება ყველა ბრალდებულზე ისე არ ვრცელდება, რომ ყველას თვალებში ვუყურო, მაგრამ თუ რამე დაზიანება აქვს, მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს, ან დაცვის მხარეს დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ არავის არ დაუფიქსირებია და განუცხადებია, რომ რომელიმე ბრალდებულს გამოძიების მხრიდან ჰქონდა რაიმე დაზიანება მიღებული. მსგავსი არაფერი ყოფილა გაცხადებული და როგორ ფიქრობთ, მოსამართლეს რა უნდა გამოეკვლია. როცა ბრალდებული აცხადებს, რომ მას არ აქვს დაზიანება და პრეტენზია არ გააჩნია, რა ქნას მოსამართლემ? სახლში გაყვეს თუ რა გააკეთოს, როგორ გამოიკვლიოს, ძალით ათქმევინოს? თუ ბრალდებულს აქვს დაზიანებები და აქვს პრეტენზია, ეს ყოველთვის აღინიშნება და ხდება ბრალდების მხარისადმი მითითება რატომ, როდის და სად მიიღო ეს დაზიანებები. ამის შემდგომ ხდება რეაგირება ბრალდების მხარის მიერ. სასამართლო ამაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს", - განაცხადა გიორგი გოგინაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი ვინმეს შეკითხვები გააჩნია თეთრაძის საქმეზე, მზად არის უპასუხოს.
"თუ არსებობს ჩემს მიმართ კითხვები, დასვან რაც კითხვები არსებობს. პასუხი ყოველთვის იქნება გაცემული. სერგო თეთრაძის და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არსებობდა, რაც განჩინებაში წერია. ალბათ შემდეგ გასაჩივრდა, არ ვიცი ვერ გეტყვით", - განაცხადა გოგინაშვილმა, რომლის თქმითაც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა პატიმრობა შეუფარდა. ცნობილია, რომ თეთრაძეს სასამართლოში სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. 25 სექტემბერს კი ბრალდებული გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლები პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას გამოეყო ცალკე სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში ორ პატიმარს ბრალად წარედგინათ თეთრაძის მიმართ წამების მიზნით სექსუალური ძალადობა. ორივე მათგანს სასამართლოს გადაწყვეტილებით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.