კულტურის სამინისტროში პუბლიკაციის "ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. ღონისძიებას კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო და წიგნის ავტორები თეონა ჯაფარიძე და ვატო წერეთელი გაუძღვებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, პროექტი "ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი" თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისის კვლევითი დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის შედეგად შეიქმნა პუბლიკაცია მოდერნიზმის შესახებ.
გამოცემაზე მუშაობა იმ ავტორთა შერჩევით დაიწყო, რომლებიც წლების მანძილზე ხელოვნების ისტორიის სფეროში მუშაობდნენ - კონკრეტულად კი იკვლევდნენ მოდერნიზმის პერიოდს. ორენოვანი გამოცემა აერთიანებს სხვადასხვა ავტორის 15-მდე თემას და საერთო ჯამში გაჯერებულია ერთი კონკრეტული ეპოქის (მოდერნიზმის) ახლებურად დანახვის მცდელობითა და ექსპერიმენტებით.
პროექტზე მუშაობის პროცესში დაიწერა ანოტაციები, ითარგმნა და მოძიებული იქნა ფოტო-დოკუმენტაცია, მოხდა ავტორთა ნაშრომების რედაქტირება. ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაშრომებთან ერთად გამოცემაში შესულია ცნობილი შვეიცარიელი არტ-კრიტიკოსის და კურატორი ბიჩე კურიგერი (Bice Curiger) ნაშრომის - "უმანკოების გამოცდილება და სიმღერები" - თარგმანი, რომელიც ფიროსმანის ფენომენის ახლებურ ხედვას წარმოადგენს.
